ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ცხელება

ცხელება
ცხელება წარმოადგენს ორგანიზმის ნორმალურ რეაქციას სხვადასხვა დაავადებების დროს, რომელთა შორისაც ძირითადი ადგილი უჭირავს ინფექციებს.
ცხელებაზე მართებულია საუბარი როცა:
რექტალური ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C)
ორალური ტემპერატურა მეტია 100 F (37.8o C)
აქსილარული ტემპერატურა მეტია 99 F (37.2o C)
ყური (ტიმპანური მემბრანის) ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C)
შუბლის ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C)
აქსილარული, შუბლის და ყურის თერმომეტრია შედარებით მარტივია, ვიდრე ორალური და რექტალური თერმომეტრია, მაგრამ ისინი არიან ნაკლებ ზუსტი და ხშირად მოითხოვენ გადამოწმებას.
ცხელების მიზეზები
ბავშვთა ასაკში ცხელების ძირითადი მიზეზია ინფექციური დაავადებები, მათ შორის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (ინფექციური გასტროენტერიტი, ყურის ანთება, ბრონქიოლიტი, კრუპი, საშარდე გზების ინფექცია)
სამ თვემდე ასაკის ბავშვებში სხელის ტემპერატურის მცირე მატების მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტად თბილად ჩაცმა, თუმცა თუ რექტალური ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C), ამ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სხვა ძირითადი მიზეზები.
ზოგჯერ იმუნიზაციაც შეიძლება გახდეს ცხელების მიზეზი. ამ დროს ცხელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვაქცინის ტიპზე.
როგორ გავზომოთ ტემპერატურა ბავშვებში
ბავშვებში ტემპერატურის გაზმომვა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ყველაზე ზუსტი არის რექტალური და ორალური (პირის ) თერმომეტრია, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელია 4-5 წლის ასაკიდან, ტემპერატურის გაზომვის ტექნიკიდან გამომდინარე.
ტემპერატურის გაზომვა იღლიაში ნაკლებ ზუსტია, მაგრამ ის გამოიყენება ახალშობილებში , სამ თვემდე ასაკის ბავშვებში და იმ მოზრდილ პაციენტებში, ვისაც არ შეუძლიათ ორალური თერმომეტრია. შუბლის და ყურის თერმომეტრიაც ნაკლებ ზუსტია, ვიდრე რექტალური და პირის თერმომეტრია, რის გამოც ხშირად საჭირო ხდება მონაცემების დაზუსტება.
არ არის სწორი განვსაზღვროთ ბავშვის ტემპერატურა კანზე შეხებით. ეს არის ტაქტილური ტემპერატურა და დამოკიდებულია სუბიექტურ შეგრძნებაზე.
ტემპერატურის გასაზომვად ყველაზე ხშირად გამოიყენება ციფრული თერმომეტრები. მათი მრავალნაირი სახე არსებობს. ვერცხლისწყლის შემცველი  თერმომეტრების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თერმომეტრის გატეხვის დროს  ვერცხლისწყლის მაღალი ტოქსიკურობის გამო. თუ ციფრული თერმომეტრი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი ფრთხილად დაიქნიეთ.
რექტალური თერმომეტრია
ბავშვი ან ახალშობილი უნდა იწვეს მუცელზე
თერმომეტრის ბოლო ნაწილზე წაუსვით გელი (მაგ: ვაზელინი)
თერმომეტრის თავის 1/4 -1/2 ნაწილი ფრთხილად მოათავსეთ ანუსში (სწორ ნაწლავში)
გაამაგრეთ თერმომეტრი ადგილზე. ციფრული თერმომეტრი დააყოვნეთ ერთი წუთის განმავლობაში
ორალური თერმომეტრია
არ გაზომოთ ტემპერატურა პირში, თუ ბავშვმა უკანასკნელი 30 წუთის განმავლობაში მიიღო ცხელი ან ცივი საკვები ან სითხე
გაასუფთავეთ თერმომეტრი გრილი წყლითა და საპნით
მოათავსეთ თერმომეტრის თავი ენის ქვეშ, ბავშვს სთხოვეთ რომ გაამაგროს თერმომეტრი ტუჩებით
მინის თერმომეტრი დააყოვნეთ 3 წუთის განმავლობასი, ხოლო ციფრული თერმომეტრები ერთი წუთი
იღლიის თერმომეტრია
მოათავსეთ თერმომეტრის თავი ბავშვის იღლიაში
დააფიქსირეთ თერმომეტრი ხელის მოხრით იდაყვის სახსარში
დააყოვნეთ თერმომეტრი 4-5 წუთი
            ყურის თერმომეტრია
ყურში გაზომილი ტემპერატურა არ არის ისეთი ზუსტი, როგორც რექტალური ან ორალური. არ გაზომოთ ყურში ტემპერატურა 15 წუთის განმავლობაში , თუ ბავშვი იყო გარეთ ცივ ამინდში. ყურის ინფექციები გავლენას არ ახდენს ტემპერატურის სიზუსტეზე.
ყურის ნიჟარა გადაწიეთ უკან და მოათავსეთ თერმომეტრი გარეთა სასმენ მილში
დააყოვნეთ თერმომეტრი 2 წუთის განმავლობაში
ვუკმურნალოთ თუ არა ცხელბას?
ცხელების მკურნალობას (ტემპერატურის დაწევას) გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. ცხელება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ის იწვევს ბავშვის დსიკომფორტს, ჭირვეულობას. ცხელების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მის მონაცემებს, არამედ ბავშვის ზოგად მდგომარეობას (ხასიათზეა თუ არა? აქტიურია თუ არა? მივარდნილი ან ადინამიური ხომ არ არის?) . ცხელება ჩვეულებრივ თან ახლავს სხვა  სიმპტომებს, რომლებიც ზოგჯერ მოითხოვენ შეფასებას სპეციალისტის მიერ. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვზე მეთვალყურეობა ხორციელდება ბინზე. მშობელმა მნიშვნელოვანია იცოდეს როდის მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას ან როგორ მართოს ცხელება. აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია შემდეგი მდგომარეობების დროს:
თუ ბავშვი არის სამ თვემდე და რექტალური ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C)
თუ ბავშვის ასაკი არის სამი თვიდან სამ წლამდე, რექტალური ტემპერატურა მეტია 100.4 F (38o C), ცხელება გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (ჭირვეული, უარს ამბობს სითხეებზე)
თუ ბავშვის ასაკი არის სამი თვიდან სამ წლამდე და რექტალური ტემპერატურა მეტია 102 F (38.9o C) 
ნებისმიერი ასაკის ბავშვები, რომელთა რექტალური, ტიმპანური და ორალური ტემპერატურა მეტია 104 F (40o C) და აქსილარული ტემპერატურა მეტია 103 F (39.4o C)
ნებისმიერი ასაკის ბავშვები ფებრილური გულყრით. 
ნებისმიერი ასაკის ბავშვები, თუ ცხელება გრძელდება შვიდ დღეზე მეტ ხანს
ნებისმიერი ასაკის ბავშვები ცხელებით და თანაარსებული ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა:  გულის დაავადებები, სიმსივნეები, სისტემური წითელი მგლურა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
თუ ბავშვს აქვს ცხელება გამონაყართან ერთად
მკურნალობის რეკომენდაციები - ცხელების მკურნალობა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს  თანაარსებული დაავადებები (გულის, ფილტვის ან ნერვული სისტემის პრობლემები) ან გამოხატულია ჭირვეულობა.
ცხელების მკურნალობის რეკომენდაციები
მედიკამენტები - ტემპერატურის დასაწევად გამოიყენება აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, კალპოლი, პანადოლი, ეფერალგანი) ან იბუპროფენი (ნუროფენი, იბუფენი, იბუპრენი, ალგოფექსი). ეს მედიკამენტები დაბლა სწევს ტემპერატურას და შესაბამისად ხსნიან ცხელებით გამოწვეულ  დისკომფორტს. ასპირინის გამოყენება რეკომენდირებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
 აცეტამინოფენის მიღება შეიძლება 4-6 საათიანი ინტერვალით, არაუმეტეს 5-ჯერ 24 საათის განმავლობაში. მედიკამენტის დოზირება ეფუძნება ბავშვის წონას და არა ასაკს.
იბუპროფენის გამოყენება შეიძლება ყოველ ექვს საათში, არ არის რეკომენდირებული ექვს თვემდე ასაკის ბავშვებში. მედიკამენტის დოზირება ეფუძნება ბავშვის წონას და არა ასაკს.
გაზარდეთ სითხის მიწოდება - ცხელების დროს იზრდება დეჰიდრატაციის რისკი, ამიტომ რეკომენდირებულია სითხის მიწოდება, თუ ბავშვს არ აქვს მადა, ნუ დააძალებთ საკვებს, მაგრამ სითხეები შესთავაზეთ ხშირად. თუ ბავშვი არ ან ვერ სვავს სითხეს მიმართეთ პედიატრს.
დაზელვა წყლით ან დაბანვა გრილი წლით არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სიცხის დამწევი მედიკამენტები, ამიტომ არ არის რეკომენდირებული. ალკოჰოლის (ძმარი, სპირტი) გამოყენება არ შეიძლება, რადგა ხდება მათი შეწოვა კანიდან და აქვთ ტოქსიური მოქმედება.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close