ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ასთმა ბავშვებში


რა არის ასთმა? - ასთმა არის პათოლოგია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ასთმის დროს სიმპტომები მუდმივი არ არის, იგი თავს იჩენს შეტევების სახით, რაც შესაძლოა მეტად საშიშიც კი აღმოჩნდეს. ასთმა ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების შევიწროვება და მათში ანთებითი პროცესის განვითარება. ასთმა ხშირად ტრიალებს ოჯახებში. 
რა არის ასთმის სიმპტომები? - ასთმის სიმპტომებს მიეკუთვნება:
მსტვინავი სუნთქვა ან ხმაურიანი სუნთქვა;
ხველა, განსაკუთრებით, ღამით, გამთენიისას ან ვარჯიშის დროს;
გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
სუნთქვის გაძნელება.
სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს ყოველ დღე, კვირაში ერთხელ ან უფრო ნაკლები სიხშირით. სიმპტომები შესაძლებელია ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმემდე. იშვიათად, ასთმის ეპიზოდმა შესაძლებელია სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 
არსებობს თუ არა რაიმე კვლევა ასთმის დასადასტურებლად? - დიახ. ექიმი ბავშვს უტარებს სუნთქვის ტესტს იმის შესაფასებლად, თუ როგორ მუშაობს ფილტვები. 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების უმრავლესობას აქვს შესაძლებლობა, რომ გაიაროს ეს გამოკვლევა. ეს ტესტი გამოყენებადია, თუმცა ხშირად გვიჩვენებს ნორმალურ მაჩვენებელს იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ასთმა, მაგრამ არ აღენიშნებათ ასთმის სიმპტომები გამოკვლევის ჩატარების მომენტში. 
ექიმი ასევე ატარებს ვარჯიშის ტესტს და სვამს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:
რა სიმპტომები აწუხებს ბავშვს?
რა სიხშირით აღენიშნება ეს სიმპტომები?
აღვიძებს თუ არა პაციენტს სიმპტომები ღამით?
იწვევს თუ არა სიმპტომები სათამაშოდ გასვლის ან სკოლაში წასვლის შეუძლებლობას?
როგორ იკურნება ასთმა? - ასთმის დროს გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები. პრეპარატებს შეიძლება ჰქონდეთ ინჰალატორების, სითხეების ან აბების ფორმა. ექიმი პრეპარატს ნიშნავს პაციენტის ასაკისა და სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით. ასთმის პრეპარატები შესაძლებელია მოქმედებდნენ ჩამოთვლილი 2 მექანიზმიდან ერთ-ერთის გამოყენებით:
სწრაფად მოქმედი მედიკამენტები - სიმპტომებს აჩერებს სწრაფად. ეს მედიკამენტები ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც სიმპტომები ხშირი არ არის. ამ პრეპარატების მიღების შემდეგ ზოგი ბავშვი ძალიან აქტიურდება.
ხანგრძლივად მოქმედი მაკონტროლირებელი მედიკამენტები - ახდენს ასთმის კონტროლს და იწვევს მომავალი სიმპტომების განვითარების პრევენციას. თუ ბავშვს ერთი წლის განმავლობაში აღენიშნება სიმპტომების ხშირი განვითარება ან მრავალი მძიმე ხარისხის ეპიზოდები, საჭირო ხდება ამ პრეპარატების მიღება ყოველ დღე.
ასთმის მქონე თითქმის ყველა პაციენტი იყენებს ინჰალატორს სპეციალურ მოწყობილობასთან ერთად, რომელსაც „სპეისერს“ ეძახიან. ზოგიერთ პაციენტთან საჭირო ხდება ასევე სპეციალური მანქანის გამოყენება, რომელსაც „ნებულაიზერს“ უწოდებენ, რაც გვეხმარება მედიკამენტის საინჰალაციო სახით მიღებაში. ამ მოწყობილობების გამოყენების წესის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ბავშვს მისცეთ ყველა ის მედიკამენტი, რასაც გამოგიწერთ ექიმი. შესაძლებელია შეწუხდეთ იმის გამო, რომ ბავშვს ბევრ პრეპარატს აძლევთ, მაგრამ ასთმის მქონე ბავშვის მკურნალობის გარეშე დატოვება უფრო მეტი რისკების განვითარებას განაპირობებს, ვიდრე ამ მედიკამენტების გამოყენება. ასთმამ, რომელიც არ არის სწორად ნამკურნალევი, შეიძლება გამოიწვიოს:
ბავშვის ნორმალურ სპორტულ აქტივობებში ჩართვის შეუძლებლობა;
სკოლაში გაცდენები;
ფილტვების დაზიანება.
რა არის მოქმედების გეგმა ასთმის დროს? - მოქმედებების გეგმა მოიცავს ინსტრუქციების ნუსხას, რომლითაც ვიგებთ:
რომელი მედიკამენტები უნდა გამოვიყენოთ ბავშვთან სახლში ყოველდღიურად;
რა წარმოადგენს საშიშროების ნიშნებს, რომელსაც სჭირდება ყურადღების გამახვილება (რომელიც მიუთითებს, რომ მდგომარეობა მძიმდება);
რომელი დამატებითი მედიკამენტები შეიძლება მივცეთ ბავშვს იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება;
როდის დავეხმაროთ ან გამოვუძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ასთმის დროს მოქმედების გეგმის შემუშავებაში ერთობლივად უნდა მონაწილეობდეს ექიმი, ბავშვი და მშობელი. მოქმედების გეგმის ერთერთი ეტაპი შეიძლება აღმოჩნდეს მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც ეძახიან „პიკ ფლოუ მეტრს“. ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად მუშაობს ფილტვები. ექიმი გაჩვენებთ სწორად, თუ როგორ ხდება პიკ ფლოუ მეტრის გამოყენება. 
მესაჭიროება თუ არა ექიმთან ვიზიტი? - ექიმთან ვიზიტი გესაჭიროებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ასთმის შეტევის დროს სიმპტომები არ უმჯობესდება ან უარესდება სწრაფად მოქმედი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ. თუ სიმპტომები იღებს მძიმე ხასიათს, დაურეკეთ სასწრაფო სამედიცინო  სამსახურს. 
შესაძლებელია თუ არა ასთმის სიმპტომების განვითარების პრევენცია? - დიახ, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს, რომ აღარ განუვითარდეს ასთმის სიმპტომები. თქვენ შეგიძლიათ მოაცილოთ ბავშვი იმ საგნებს და გარემოს, რაც იწვევს სიმპტომების გაუარესებას. ექიმები ამ გამომწვევებს „ტრიგერებს“ უწოდებენ. თუ თქვენთვის ცნობილია, თუ რომელი ტრიგერები იწვევს ასთმის შეტევების განვითარებას, ისინი ბავშვს უნდა მოაცილოთ, თუ ცნობილი არ არის, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ ტრიგერების დადგენაში. 
ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული ტრიგერია:
გრიპი და გაციება (რის გამოც მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყოველწლიურად ჩატარება);
ალერგენები (როგორიცაა მტვრის ტკიპები, ობის სოკოები, ბეწვიანი ცხოველები, მათ შორის, კატები და ძაღლები, მცენარის მტვერი, მცენარეები და სარეველა ბალახები);
თამბაქოს კვამლი;
ვარჯიში;
ამინდის ცვლილებები, ცივი ჰაერი, ცხელი და ტენიანი ჰაერი.
თუ ტრიგერის თავიდან აცილება ვერ ხერხდება, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში. მაგალითად, ასთმის დროს ვარჯიში შეიძლება არ შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ინჰალატორით თავისი მედიკამენტის დამატებით დოზას მიიღებს ვარჯიშის წინ.
როგორია ბავშვის ცხოვრების ხარისხი ასთმის დროს? - ბავშვების უმრავლესობა ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობს. თქვენ შეგიძლიათ, მართოთ ასთმა შემდეგნაირად:
შეიტანეთ ცვლილებები თქვენი ცხოვრების წესში, რომ ბავშვს თავიდან აარიდოთ ასთმის ტრიგერები;
თვალყური მიადევნეთ ასთმის განვითარებას;
გამოიყენეთ პიკ ფლოუ მეტრი;
მიჰყევით მოქმედების გეგმას;
მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები შეიცვალა. 
ზოგჯერ, ასაკის მატებასთან ერთად, ასთმა უკუგანვითარებას განიცდის. მოზრდილ ასაკში ასთმის სიმპტომები შესაძლოა საერთოდ აღარც დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებში ზრდასთან ერთად ასთმის სიმპტომები არ დარჩება. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close