ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი


ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც ასევე ბავშვის საწოლში სიკვდილის სინდრომსაც უწოდებენ, არის მდგომარეობა, რომელის დროსაც აღინიშნება ჩვილი ბავშვების უეცარი გარდაცვალება, რომელიც აუხსნელი რჩება საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიუხედავად.
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი წარმოადგენს 1 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს აშშ-ში, სადაც ამ სინდრომით დაახლოებით 2500 ბავშვი იღუპება წელიწადში.
რა არის ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი? - ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც გამოიყენება 1 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვების უეცარი და აუხსნელი სიკვდილის აღსაწერად. ამ სინდრომის დროს ბავშვთა ასაკი ძირითადად მოიცავს 2 თვიდან 4 თვემდე ასაკს, მათი 90%-ზე მეტი 6 თვემდე ასაკისაა. ჩვილების უმრავლესობა იღუპება ძილის დროს, განსაკუთრებით ღამის 12 საათსა და 6 საათს შორის პერიოდში წინმსწრები რაიმე ნიშნის გამოვლენის გარეშე.
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის დიაგნოზის დასმამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სიკვდილის გამომწვევი სხვა მიზეზები.
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის მიზეზები - მიზეზი უცნობია, თუმცა გარემოიებები შეიძლება აიხსნას იმ მდგომარეობების აღწერით, რაც ვლინდება ამ დროს. 
ყველაზე მეტად სარწმუნოდ მიიჩნევენ თეორიას, რომლის მიხედვითაც მისი გამომწვევი მიზეზია ფარული თანმხლები პათოლოგია (როგორიცაა გენეტიკური მიზეზი ან თავის ტვინის ფარული დაზიანება) ან ვლინდება რაიმე ტრიგერის ზემოქმედების შედეგად (მაგ. დედის მწეველობა, ინფექცია ან სტრესი, რაც დაკავშირებულია ბავშვის ძილის პოზასთან ან გარემო პირობებთან), რაც გვხვდება თავის ტვინის ან იმუნური სისტემის განვითარების ადრეულ სტადიაზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ არსებობს საშუალება, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ამ მიდრეკილებების არსებობას.
ვაქცინა არ იწვევს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარებას - არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომსა და ვაქცინებს შორის კავშირზე მიუთითებს, თუმცა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილი შესაძლებელია შემთხვევით დაემთხვეს ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს და გვაქვს ასეთი შემთხვევებიც. 
უამრავი ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა არ იზრდება ვაქცინაციის ჩატარების შემდგომ, უფრო მეტიც, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის შემთხვევების რაოდენობამ 1980-იანი წლების შემდგომ 50%-ით იკლო, ე.ი. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ტემპმა ბევრად იმატა.
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარების რისკების შემცირება - მისი პრევენცია შეუძლებელია. არ არსებობს არცერთი მონიტორინგის სისტემა, გამოკვლევა ან  სიმპტომთა კომბინაცია, რაც ზუსტად მიუთითებს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის შესაძლო გამოვლინებაზე, თუმცა არსებობს რამოდენიმე სტრატეგია, რომელიც ეფექტურად ამცირებს ამ რისკს:
ორსულობის დროს - ორსულები უნდა იყვნენ მზრუნველობის ქვეშ, ქალებმა არ უნდა მოწიონ თამბაქო ორსულობის პერიოდში;
დაბადების შემდგომ - დაბადების შემდგომ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს ამცირებს შემდეგი ღონისძიებები:
ჩვილი უნდა იწვეს ზურგზე - ყველა ჩვილი, მათ შორის დღენაკლულიც, უნდა დავაწვინოთ ზურგზე; იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვს უკვე აქვს უნარი გადმობრუნდეს მუცელზე, უნდა შევეცადოთ, რომ დავაწვინოთ კვლავ ზურგზე. ამ ღონისძიების დანერგვის შემდგომ უეცარი სიკვდილის განვითარების სიხშირე დაეცა 50%-ით.
ბავშვის ცალ მხარეზე ძილი ახალი რეკომენდაციებით აღარ არის მიზანშეწონილი. მუცელზე გადმობრუნება რეკომენდირებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვს ღვიძავს და იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ.
მანქანის სპეციალური სკამები არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვის დასაძინებლად - მანქანაში ჩასაჯდომი სპეციალური სკამები, ეტლები არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვის დასაძინებლად, რადგან მჯდომარე პოზიციაში ბავშვს სუნთქვა უფრო მეტად უჭირს, თუმცა მანქანაში ჩასაჯდომი სკამების გამოყენების სარგებელი მგავრობის დროს უსაფრთხოების დასაცავად ბევრად აღემატება ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს, ამიტომ ჩვენ მკაცრ რეკომენდაციას ვუწევთ მანქანის ჩასაჯდომების გამოყენებას მგზავრობის პერიოდში, თუმცა უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ მსგავსი საშუალებების გამოყენება მანქანის გარეთ.
მყარ ზედაპირზე ძილი - ჩვილები ძილის წინ უნდა მოვათავსოთ მყარ ზედაპირზე. უნდა ვეცადოთ, რომ არ გამოვიყენოთ რბილი ზედაპირის მქონე ლეიბი.
ვეცადოთ არ ჩავდოთ ლოგინში რბილი საგნები - რბილი საგნები (მაგ, ბალიშები, რბილი სათამაშოები, რბილი საბნები) საწოლიდან ან აკვნიდან უნდა ამოვიღოთ. თუ საწოლს ზამბარები აქვს, ზამბარები უნდა იყოს თხელი, მკვირვი, მჭიდროდ დაკავშირებული საწოლთან, არ უნდა იყოს გატენილი ბამბით ან მატყლით, არ უნდა იყოს „ბალიშის მსგავსი“. ძილის დროს ჩვილს არ უნდა ეხუროს თავზე. საბნის გამოყენების შემთხვევაში საბანი დამაგრებულ უნდა იქნეს ლეიბზე, რომ ძილის დროს ბავშვმა საბანი თავზე არ წამოიხუროს.
ბავშვს უნდა ეძინოს მშობელთან ერთად ოთახში, მაგრამ განცალკევებულ ლოგინზე - ბავშვს არ უნდა ეძინოს ლოგინში მშობელთან ან სხვა ბავშვებთან ერთად, რადგან ამ დროს იზრდება ჩვილ ბავშვთა უეცარი სინდრომის განვითარების რისკი. პირელი 6 თვის განმავლობაში ბავშვს უმჯობესია ეძინოს მისთვის განკუთვნილ ცალკე საწოლში ან აკვანში მშობლების ოთახში. ბავშვს არ უნდა ეძინოს (მარტოს ან მშობელთან ერთად) დივანზე, სარწეველა სკამზე, სავარძელზე ან სხვა სახის რბილ სკამზე.
არ მოწიოთ თამბაქო - ოჯახის წევრები უნდა მოერიდონ ბავშვთან მოწევას - მათ უნდა თავი დაანებონ თამბაქოს მოწევას ან მოწიონ ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვი არ არის, მაგალითად, მანქანაში ან სხვა დახურულ სივრცეში.
სხვა ფაქტორები - სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებს მიეკუთვნება:
o ძუძუთი კვება - შესაძლებელია ბავშვი დაიცვას ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარებისგან, თუმცა მტკიცებულებები ამ მხრივ არასაკმარისია;
o გადახურების თავიდან აცილება - ბავშვს უნდა ეცვას თხლად ძილის დროს, საწოლი ოთახის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს იმ ტემპერატურას, რა დროსაც თხლად ჩაცმული მოზრდილი კომფორტულად გრძნობს თავს (180C). თუ ჩვილს საღამური აცვია, რეკომენდირებულია მხოლოდ ძალიან თხელი საბანი. ბავშვს არ უნდა ეძინოს გამათბობელთან ახლოს ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ. ბავშვის ოთახში უნდა გამოვიყენოთ ჰაერის გამაგრილებელი, რომ ჰაერმა კარგად იცრკულიროს და თავიდან ავიცილოთ ბავშვის გადახურება.
o ბავშვის გასართობი საშუალებები - ბავშვის გასართობი საშუალებების გამოყენებამ („თოჯინა“ ან „საწოვარა“) დაძინების დროს შესაძლებელია შეამციროს ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკი. ეს საშუალებები უმჯობესია გამოვიყენოთ ბავშვის დაძინებისას და არა დაძინების შემდეგ. ეს საშუალებები 1 თვემდე ასაკში არ უნდა გამოვიყენოთ, რათა მყარად მოხდეს ძუძუთი კვების ჩართვა.
o ასევე შესაძლებელია „სახლის მონიტორების“ გამოყენება, როგორიცაა გულისცემის სიხშირის და  ჟანგბადის დონის განმსასაზღვრავი ხელსაწყოები (ანუ კარდიორესპირატორული მონიტორები, აპნეას მონიტორები). წარსულში მიაჩნდათ, რომ ამ საშუალებების გამოყენება ამცირებდა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს, რადგან მიაჩნდათ, რომ მისი განვითარება დაკავშირებულია ჩვილი ბავშვის მიერ სუნთქვის შეწყვეტასთან (აპნეა) და გულისცემის სიხშირის შემცირებასთან (ბრადიკარდია), თუმცა ამჟამად კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარებას და აპნეას ან ბრადიკარდიას შორის კავშირი არ არსებობს.
სპეციფიკური რჩევები - ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის განვითარებისას ხშირად ისმევა ხოლმე კითხვები გარდაცვლილის დედმამიშვილებთან ან იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებსაც გადატანილი აქვთ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა - გაზრდილია თუ არა რისკი მათ შემთხვევაში ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარებისა. 
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების დედმამიშვილები - ამ შემთხვევაში მისი განვითარების რისკი 5-6-ჯერ არის გაზრდილი, ვიდრე სხვა შემთხვევებში, ტყუპების შემთხვევაში რისკი 2-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა საერთო ჯამში ოჯახში მეორე ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკი 1%-ზე ნაკლებია უმრავლეს შემთხვევაში.
მშობლები, რომლებსაც ბავშვი გარდაცვლილი ჰყავთ ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით, მიმართავენ იმ ხერხებს, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი. 
ჩვილი ბავშვები, რომლებსაც გადატანილი აქვთ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა - დაკავშირებულია შემდეგ მახასიათებლებთან:
აპნეა - სუნთქვის პერიოდული შეწყვეტა, დაკავშირებული სუნთქვის გაძნელებასთან (ობსტრუქციული აპნეა);
ფერის შეცვლა - მოლურჯო ან ფერმკრთალი კანის ფერი, იშვიათად წითელიც;
კუნთთა ტონუსის მკვეთრად შეცვლა (ჩვეულებრივ, მოდუნებული, იშვიათად, დაჭიმული);
სულის ხუთვის ეპიზოდების არსებობა.
ადრე მიაჩნდათ, რომ მსგავსი ეპიზოდების გადატანის შემდეგ ბავშვები მიდრეკილი ხდებიან ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების მიმართ, თუმცა შემდგომში დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ამ სინდრომის შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში არ აღენიშნებოდათ ამ სიმპტომების წინასწარ განვითარება, კვლევების მიხედვით, მათ შორის კავშირი არ დადგინდა.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close