ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ბავშვებში


რა არის ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ? - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის კუნთი მნიშვნელოვნად სქელდება და დიდდება. ამ დროს გულის, როგორც  ტუმბოს ფუნქცია ქვეითდება, რამაც შესაძლოა  სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის ტკივილი და სხვა სიმპტომები გამოიწვიოს.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ჩვეულებრივ, გამოწვეულია პათოლოგიური გენით, რომელიც შთამომავლობით გადადის ოჯახებში. 
რა სიმპტომები ვლინდება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ბავშვებში? - ბავშვთა უმრავლესობას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ექიმი ამ პათოლოგიას, ჩვეულებრივ, პოულობს იმ რუტინული სავარჯიშო პროცედურის გავლის შემდეგ, რომელსაც ატარებენ  სპორტული აქტივობების დაწყებამდე. 
სიმპტომები შესაძლოა გამოვლიდეს მოზრდილ ბავშვთა ან თინეიჯერულ ასაკში. სიმპტომები უმრავლეს შემთხვევაში სქესობრივი გარდატეხის პერიოდში ჩნდება. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის სიმპტომებს მიეკუთვნება:
სუნთქვის პრობლემები, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს;
გულმკერდის ტკივილი, რომელიც უარესდება ვარჯიშის დროს;
გულის წასვლა ან გულის წასვლის შეგრძნება.
როდის უნდა გასინჯოს  ბავშვი ექიმმა? - თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, განსაკუთრებით, ვარჯიშის დროს მიმართეთ ექიმს. 
არსებობს თუ არა გამოკვლევა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის აღმოსაჩენად? - დიახ. თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენს ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, დაგინიშნავთ შემდეგი სახის გამოკვლევებს:
„ელექტროკარდიოგრაფია “ (შემოკლებით, „ეკგ“) - ეს გამოკვლევა განსაზღვრავს გულის ელექტრულ აქტივობას, მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს, თუ რამდენად ნორმალურია გულისცემა და მისი რითმი. ექიმმა შესაძლებელია გამოკვლევის დროს საჭიროდ ჩათვალოს ვარჯიში (ფიზიკური დატვირთვა). 
„ექოკარდიოგრაფია“ (ანუ კარდიოექოსკოპია) (შემოკლებით, „ექო“) - ამ გამოკვლევის დროს მიღებული  გულის გამოსახულებით, ექიმი განსაზღვრავს რამდენად სქელია გულის კედლები, ზომავს გულის საკნების მოცულობას, აკვირდება  რამდენად კარგად ახდენს გული სისხლის გადატუმბვას.  დიაგნოზის უფრო მეტად დასაზუსტებლად შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც საჭირო გახდეს ვარჯიში გამოკვლევის წინ , ან უშუალოდ კვლევის დროს. 
ჰოლტერის მონიტორი - ეს არის მცირე ზომის, პორტატული მოწყობილობა, რომელსაც ბავშვი თან ატარებს. მისი საშუალებით ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა 1 ან 2 დღის განმავლობაში. მისი საშუალებით ასევე შეიძლება დადგინდეს გულის რითმის პრობლემები, რომელიც შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს. 
ბავშვის მდგომარეობის მიხედვით, მას შესაძლებელია დასჭირდეს სხვა გამოკვლევებიც, როგორიცაა:
გულის კათეტერიზაცია (ანუ  „კორონარული ანგიოგრაფია“) - ამ ტესტის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს გულისშიდა წნევა და აღმოჩნდეს ის პრობლემები, რომლებიც ჩნდება ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს. 
გულის  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ამ გამოკვლევით შესაძლებელი ხდება გულის გამოსახულებების მიღება. მას შეუძლია ასევე აჩვენოს გულის ის ნაწილები, რომელიც ცუდად ჩანს კარდიოექოსკოპიის  დროს და უფრო სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის ექიმს გულის მდგომარეობის შესახებ. 
თუ ბავშვს ჰყავს მშობელი, ძმა ან და, რომელიც დაავადებულია ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით, ექიმი გირჩევთ, რომ მასაც გაუკეთოთ გამოკვლევა ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიაზე. კვლევა უნდა გაკეთდეს ყოველწლიურად 12-დან 20 წლამდე ასაკში. 20 წლის ზემოთ ასაკში კვლევას ასეთი მაღალი სიხშირით აღარ აკეთებენ.
როგორია ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობა ბავშვებში? - თუ სიმპტომები არ არის, მკურნალობა საჭირო არ არის. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის მიზნით გამოიყენება:
მედიკამენტები, რომელიც ამცირებს გულმკერდის ტკივილს ან სუნთქვის პრობლემებს;
მედიკამენტები, რომლებიც აკონტროლებს გულის რითმს;
მოწყობილობა, რომელსაც „დეფიბრილატორს“ უწოდებენ - მისი საშუალებით ხდება პათოლოგიური გულისცემის გამოვლენა და კონტროლი, მისი ჩაყენება ხდება კანქვეშ გულის მიმდებარედ;
ქირურგიული მკურნალობა - ქირურგიულად შესაძლებელია გულის კუნთის ნაწილის ამოკვეთა, მას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატებით მკურნალობა უშედეგოა. 
როგორ მოვუაროტ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ ბავშვს? - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ჰკითხოთ, თუ რა ტიპის ფიზიკური აქტივობა შეიძლება ჩაითვალოს ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ თქვენი ბავშვისთვის. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ვარჯიში საშიშია და შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარებაც კი გამოიწვიოს. ბავშვი ამ დროს აუცილებლად უნდა მოერიდოს სპორტს ან სხვა სახის ფიზიკურ აქტივობებს.
უნდა აკონტროლოთ, რომ ბავშვმა სვას საკმაო რაოდენობით წყალი. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ხშირია ისეთი პრობლემები, როგორიცაა გულის წასვლა, რომელიც ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი არ იღებს საკმარის სითხეებს. მეორეს მხრივ, ამ      პათოლოგიის დროს აუცილებლად უნდა ვერიდოთ წყლისა და მარილის ჭარბად მოხმარებას, ამიტომ აუცილებლად უნდა ჰკითხოთ ექიმს, თუ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ სჯობს, რომ მოიქცეთ. 
როგორია  ბავშვის ცხოვრების ხარისხი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს? - ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გულის სერიოზული პრობლემები შედარებით მცირე პროცენტში გვხვდება, პაციენტთა უმრავლესობა ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. თქვენმა შვილმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები, იმკურნალოს მედიკამენტებით ან ჩაიტაროს სხვა სახის მკურნალობა, უნდა ერიდოს საკვების ჭარბად მიღებას და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.




This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close