ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ყელის ტკივილი ბავშვებში


ყელის ტკივილი ხშირი პრობლემაა ბავშვთა ასაკში, მისი მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია . ხშირ შემთხევაში იგი გაივლის ყოველგვარი მკურნალობისა და გართულების გარეშე თუმცა ზოგჯერ საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია ეს დამოკიდებულია გამომწვევზე.     ყველაზე ხშირად ყელის ტკივილს იწვევს ვირუსული ინფექცია , შედარებით ნაკლებ შემთხვევებში ბაქტერია. ვირუსის და ბაქტერიის გავრცელება ხდება დასნებოვნებულ ადამიანთან კონტაქტით . კონტაქტი შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი. არაპირდაპირია კონტაქტი როდესაც მოავადე მიკრობით დაბუნძურებული ხელით ეხება საგანს (მაგ. კარების სახელურს , სათამაშოს ტელეფონს)  და ამ საგნებთან შეხებით ხდება ჯანმრთელის დასნებოვნება.
 
ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილი.
 
 ვირუსის ბევრი სახეობა არსებობს რომლებიც იწვევენ ყელის ტკივილს და ადგილობრივად ანთებით პროცესებს . უხშირესად ეს ვირუსები არიან ზედა სასუნთქი გზების  ინფექციის გამომწვევები როგორიც არის გაციბა (common cold), ასევე გრიპი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი).                                                         სიმპტომები რომლებით შეიძლება თან ახლდეს ვირუსული ინფექციით გამოწვეულ ყელის ტკივილს არის, სურდო ცხვირიდან გამონადენი, ნაზალური ობსტრუქცია, თვალების სიწითლე, ხველა , ხმის ჩახლეჩვა, კანზე გამონაყარი, დიარეა, ასევე ცხელება და ზოგადი სისუსტე.                                                              მაღალი ტემპერატურის არსებობა არ ნიშნავს რომ ბავშვს აქვს ბაქტერიული ინფექცია.
 
სტრეპტოკოკით გამოწვეული ყელის ტკივილი.
 
A-ჯგუფის სტრეპტოკოკი არის უხშირესი გამომწვევი ყელის ბაქტერიული ანთების. უმეტესად დასნებოვნება ხდება ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე და ყველაზე ხშირად გვხვდება სკოლის ასაკის ბავშვებსა და მათ პატარა და-ძმებში .  3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სტრეპტოკოკული ყელის ტკივილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იწყება უეცრად. დამახასიათებელია ცხელება >38 C, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება. ასევე შეშუპებული ნუშისებრი ჯირკვალი , თეთრი ჩირქოვანი ნადები, პატარა წითელი წინწკლები ენის უკანა მხარეს, შეშუპებული ნაქი.  სტრეპტოკოკული ყელის ტკივილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები  2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში უჩვეულოა. სტრეპტოკოკული ინფექციით შეიძლება დაავადდნენ ადრეული ასაკის ბავშვები,  თუმცა  გამოვლინდება მხოლოდ  ცხვირიდან გამონადენით ან ნაზალური ობსტრუქციით რომელსაც თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია <38.3 და გაღიზენებული ნუშურები.                                             1 წლამდე ასაკის ბავშვებში კი შეიძლება გამოვლინდეს მოუსვენრობით , მადის დაქვეითებით და დაბალი ტემპერატურული რეაქციით.
როგორც ავღნიშნეთ ყელის ტკივილს უხშირეს შემთხვევებში იწვევს ვირუსი და არ საჭიროებს მკურნალობას . თუმცა ბაქტერიული ანთების დროს აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. რათა თავიდან ავიცილოთ სტრეპტოკოკული ინფექციის გართულება.   მშობელი ვერ მოახდენს ყელის ტკივილის გამომწვევის იდენტიფიცირებას , ამდენად აუცილებელია ბავშვის შეფასება მოხდეს ექიმის მიერ.
როდესაც ბავშვი უჩივის ყელის ტკივილს  მიმართეთ ექიმს თუ სახეზეა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი                                                                                                       
ტემპერატურა არის > 38.3 
გვიანი შემოდგომა, ზამთარი ან ადრეული გაზაფხული
ბავშვს არ აღენიშნება ხველა
ბავშვის ასაკი 5-15 წელი
კონტაქტი სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე პირთან
სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება
ხმის ტემბრის ცვლილება
კისრის დაჭიმულობა და პირის გაღების გაძნელება
ლაბორატორიული კვლევები:
 
როდესაც ეჭვია სტრეპტოკოკულ ფარინგიტზე ლაბორატორიული ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ დიაგნოზის დადასტურების მიზნით. თუ ბავშვს არ აღენიშნება სტრეპტოკოკული ყელის ტკივილისთვის  დამახასიათებელი ნიშნები ლაბორატორიული კვლევა საჭირო არ არის.    
არსებობს 2 სახის ტესტი სტრეპტოკოკული ინფექციის დაზუსტებისთვის სწრაფი ტესტი და ე.წ. კულტურის განსაზღვრა. ორივე ტესტი საჭიროებს პირის ღრუდან ნაცხის აღებას.  სწრაფი ტესტის პასუხი შეგვიძლია მივიღოთ რამდენიმე წუთში ხოლო კულტურის პასუხისთვის საჭიროა  24-48 საათი. ამ ორ ტესტს შორის ოპტიმალურობა განისაზღვრება ბავშვის მდგომარეობით  და რამდენად სწრაფად გვჭირდება პასუხი.   თუ სწრაფი ტესტი არის უარყოფითი ანუ მიღებული პასუხით არ არის სტრეპტოკოკული ინფექცია შემდეგ ხდება კულტურის განსაზღვრა რათა  აღნიშნული პასუხის დადასტურება მოხდეს. თუ სწრაფი ტესტი არის დადებითი აღარ ველოდებით კულტურის პასუხს და ვიწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას .
 
ყელის ტკივილის მკურნალობა:
 
ყელის ტკივილის მკურნალობის ტაქტიკა  დამოკიდებულია გამომწვევზე. სტრეპტოკოკულ ფარინგიტს სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია მაშინ როდესაც ვირუსული ფარინგიტის მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ თერაპიას, კერძოდ: ცხელების მართვას, დასვენებასა და ტკივილის შემსუბუქებას.
 
სტრეპტოკოკული ფარინგიტის სასტარტო ანტიბიოტიკად ითვლება პენიცილინი და/ან  ამოქსიცილინი. ბავშვებს რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქცია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ანტიბიოტიკების ალტერნატიული საშუალებები.  ანტიბიოტიკის მიცემიდან 24 საათის შემდეგ ბავშვი აღარ არის კონტაგიოზური ანუ გადამდები და ჩივილების არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სკოლაში გაშვება. ბავშვის სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს ერთ-ორ დღეში თუმცა აუცილებელია მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსის ჩატარება  (10 დღე ). თუ ბავშვის მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა აუცილებლად უნდა მოხდეს განმეორებით ექიმის მიერ შეფასება.
 
ვირუსული ფარინგიტი ჩვეულებრივ გრძელდება 4-5 დღე. ამ ხნის განმავლობაში მკურნალობა  მიმართულია ტკივილის შემცირებისკენ.    ვირუსული ფარინგიტის მქონე ბავშვის სკოლაში გაშვება შეიძლება 24 საათიანი უსიცხო პერიოდის შემდეგ როდესაც ბავშვი თავს გრძნობს კარგად და შეუძლია ყურადღების კონცენტრირება .
 
ყელის ტკივილის კუპირება შესაძლებელია აცეტამინოფენით (პარაცეტამოლი ) და/ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით იბუპროფენი. აღნიშნული მედიკამენტების დოზირება უნდა მოხდეს ბავშვის  წონის გათვალისწინებით და არა ასაკის მიხედვით.
დეჰიდრატაციის პრევენცია –ზოგიერთი ბავშვი ყელის ტკივილის დროს უარს ამბობს სითხის და საკვების მიღებაზე ტკივილის გამო . სითხის მცირე რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია.        ამდენად დეჰიდრატაციის რისკის შესამცირებლად მშობლებმა მუდმივად უნდა შესთავაზონ  სითხეები.
 
პირის ღრუს სავლები საშუალებები –სოდიანი სავლები გამოიყენებოდა ადრეულ წლებში  ტკივილის შემცირების მიზნით. არ არის ცნობილი მისი ეფექტორუბა და საზიანო ეფექტი ამდენად არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება.
მიქსტურა დიფენჰიდრამინისა  და მაალოქსიის თანაბარი რაოდენობის ნაზავით მიღებული, შეიძლება იყოს გამოყენებული უფროსი ასაკის ბავშვებში 6-8 წლის ზემოთ პირის ღრუში წყლულებისა და ტკივილისას. უნდა მოხდეს ამ სითხის პირის ღრუში გამოვლება და არა გადაყლაპვა.
სპრეი –შეიცავს ადგილობრივ ანესთეზიურ საშუალებებს და გამოიყენება ტკივილის შემთხვევაში. თუმცა მისი ეფექტურობა არ არის ჩვეულებრივ საწუწნ კანფეტზე მეტი. თან შეიცავს საანესთეზიო საშუალებებს, ბენზოკაინს რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ამდენად არ ვუწევთ რეკომენდაციას სპრეის საშუალებების გამოყენებას ბავშვებში.
 
ასევე არ ვუწევთ რეკომენდაცის ტკივილის შესამსუბუქებელ  საწუწნ მედიკამენტებს განსაკუთრებით 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში მოხრჩობის საშიშროების გამო. მისი მიღება შესაძლებელია 4 წლის ზემოთ როდესაც მოხრჩობის საშიშოება არ არსებობს.
ყელის ტკივილის პრევენცია.
 
ხელის დაბანა არის პირველადი და ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად . ხელის დაბანა უნდა მოხდეს წყლით და საპნით საფუძვლიანად 15-30 წამის განმავლობაში და გამშრალება უნდა მოხდეს მშრალი ინდივიდუალური პირსახოცით.
 
არსებობს სპეციალური ხელის ანტისეპტიკური საშუალებები რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ალტერნატიული საშუალება როდესაც ვერ ხერხდება ხელის წყლით საფუძვლიანი დაბანა. მათი გამოყენება შესაძლებელია რამოდენიმეჯერ საჭიროებისამებრ. არ ახდენს კანის გაღიზიანებას და არ კარგავს ეფექტურობას. აღნიშნული საშუალებები შეიძლება იყოს თხევადი ან მშრალი სახით და სასურველია ჯიბით ან ჩანთით ტარება რათა საჭიროების დროს მოხდეს მათი გამოყენება.                                      
 
აუცილებელია ხელების დაბანა ხველის და ცემინების შემდეგ.  როდესაც არ არის შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ დასნებოვნებულ ადამიანთან კონტაქტი , ინფექციის გადადების პრევენციისთვის მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ხელის თვალთან, ცხვირთან ან პირთან შეხებას ხელის საფუძვლიან დაბანამდე. 

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close