ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ბრონქიოლიტი (რსვ ინფექცია) ჩვილებში და ბავშვებში



ბრონქიოლიტი არის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, რომელიც გვხვდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძირითადი გამომწვევი არის ვირუსი, რომელიც იწვევს მცირე ზომის ბრონქების - ბრონქიოლების ანთებას. ბრონქიოლიტის დროს ვითარდება სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან მთლიანი დახშობა, რასაც შედეგად მოსდევს მსტვინავი ხიხინის (ვიზინგის) განვითარება. ამ დროს ფილტვებში შედის ჟანგბადის მცირე რაოდენობა, რაც სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების წინაპირობაა. 
ბრონქიოლიტი ჰოსპიტალიზაციის წამყვანი მიზეზია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. მკურნალობა გულისხმობს ღონისძიებების ჩართვას, რომლის მიზანია ბავშვს მიეწოდოს სითხეები ადექვატური რაოდენობით და ისუნთქოს თავისუფლად.  ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელებას იწყებს 2-5 დღის შემდეგ, მაგრამ ვიზინგი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში.ბრონქიოლიტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვებში, დღენაკლულებში, გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს ბრონქიოლიტის ნიშნები და სიმპტომები, რათა მოხდეს მდგომარეობის ადექვატური შეფასება და მკურნალობა.
ბრონქიოლიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი არის რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი.  ვირუსი აქტიურდება ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში, პიკს აღწევს იანვარ-თებერვალში. ტროპიკულ და ნახევრადტროპიკულ ქვეყნებში სეზონური აფეთქებები ასოცირდება წვიმიან სეზონთან.
ბრონქიოლიტი არ ვითარდება 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, მაგრამ უფროსი ასაკის ბავშვები ასევე შეიძლება დაინფიცირდნენ რსვ ვირუსით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბანალური გაციების მსგავსი სიმპტომებით: ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ზომიერი ხველა, ცხელება, მაღალი ტემპერატურა 38,0 C ზე მეტი, მადის დაქვეითება.
როდესაც ინფექცია პროგრესირებს, ქვედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები მოიცავს შემდეგს:
1.სუნთქვის გახშირება (60-80 წუთში); 
2.ვიზინგი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 7 დღის განმავლობაში. 
3 ხველა, რომელიც შეიძლება გახანძლივდეს 14 და მეტი დღის განმავლობაში. 
5. საკვებზე და სითხეზე უარის თქმა ან შემცირება, რასაც შეიძლება მოყვეს დეჰიდრატაციის განვითარება.
აპნოე არის სუნთქვის შეჩერება 15-20 წამზე ხანგრძლივად,იგი შეიძლება იყოს ბრონქიოლიტის პირველი ნიშანი ჩვილ ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით, დღენაკლებში და 2 თვემდე ასაკის ბავშვებში. მძიმე ბრონქიოლოტის დროს აღინიშნება რეტრაქციები (კანისა და კუნთების ჩადრეკა ნეკნთაშორის არეებში და კისრის მიდამოში), ნესტოების ბერვა, ხმაურიანი სუნთქვა, მძიმე შემთხვევაში ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა.
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება (ჰიპოქსია) და კანი გახდეს მოლურჯო ელფერის (ციანოზი). ციანოზი პირველად შეიძლება შესამჩნევი გახდეს თითებზე, ფრჩხილებზე, ყურის ბიბილოებზე, ცხვირის წვერზე, ტუჩებზე, ენაზე, ლოყის შიგნითა ზედაპირზე. პაციენტი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს  ხმაურიანი სუნთქვის, მივარდნილობის, სუნთქვის გაჩერების ან ციანოზის დროს.
ბრონქიოლიტის გამომწვევი რსვ ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით -  სუნთქვის, ხველების, ცემინების დროს. ვირუსი შეიძლება მოხვდეს ხელის კანზე, სადაც შესაძლებელია დარჩეს რამოდენიმე საათის განმავლობაში.  ბრონქიოლიტით დაავადებული ბავშვი უნდა მოვარიდოთ ჩვილებს, მძიმე რესპირატორული დისტრესით დაავადებულ ბავშვებს, ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემით დაავადებულებს .
ბრონქიოლიტის დიაგნოზი  დამყარებულია ანამნეზზე და ფიზიკალურ გამოკვლევებზე. სისხლის ანალიზი და რენტგენოლოგიური კვლევა ყოველთვის არ არის საჭირო.
სიმძიმის განსაზღვრა . საჭიროა განისაზღვროს დაავადების სიმძიმე და გართულების რისკები.ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია მჭიდრო მონიტორინგისთვის, გადასხმის ან დამატებითი  ოქსიგენოთერაპიისთვის.
გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ბავშვი: ხმაურიანი სუნთქვის, მივარდნილობის, სუნთქვის გაჩერების, კანის მოლურჯო ელფერის(ციანოზი) დროს. ბრონქიოლიტი არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
სიმპტომური მკურნალობა.  ბრონქიოლიტის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს , ამიტომ მივმართავთ სიმპტომურ ( სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა) მკურნალობას. ბინაზე მკურნალობა მოიცავს ბავშვის დატვირთვას სითხეებით, ცხვირის მარილიანი წვეთების (ფიზიოლოგიური ხსნარის) გამოყენებას. შემდგომი მეთვალყურეობა ბინაზე გულისხმობს სიმპტომებზე (სუნთქვის სიხშირე, გულმკერდის რეტრაქციები, ცხვირიდან გამონადენი, ციანოზი, უმადობა) დაკვირვებას და გაუარესების შემთხვევაში  სათანადო რეაგირებას. 
ტემპერატურის კონტროლი.  მშობელმა ტემპერატურის დამწევად და დისკომფორტის მოსახსნელად შეიძლება გამოიყენოს აცეტამინოფენი ( პარაცეტამოლი), იბუპროფენი (ნუროფენი,იბუფენი) 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში, ასპირინი 18 წლის ზევით.
ცხვირის წვეთები და  სპრეი.  ცხვირის გაჭედვის ან ცხვირიდან გამონადენის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ცხვირის მარილიანი წვეთები ან სპრეი. ჩვილებში რეკომენდებულია წვეთების გამოყენება, მოზრდილებში - როგორც წვეთის, ასევე სპრეის.
სითხეებით დატვირთვა. მნიშვნელოვანია, ბავშვს ავადობის პერიოდში მშობელმა შესთავაზოს ადექვატური რაოდენობით სითხე. დაავადების პერიდში ქვეითდება მადა, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბავშვი უარს ამბობს საკვებზე ან სითხეზე, შარდვა არის შემცირებული, აქვს ღებინების ეპიზოდები ხველასთან ერთად, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
სხვა თერაპია-სხვა სამკურნალო საშუალებები როგორიცაა ანტიბიოტიკები, ხველის წამლები, დეკონგენსანტები და სედაციური საშულებები არ არის რეკომენდირებული. ხველის წამლების და დეკონგენსანტების სარგებლიანობა ბრონქიოლიტის მკურნალობის საკითხში არ დადასტურდა, სედაციურმა საშულებებმა შეიძლება შენიღბოს სიხლში ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული სიმპტომები და სუნთქვის გაძნელება.
ხველა არის ფილტვების გასუფთავების ბუნებრივი საშუალება და ნორმაში მკურნალობას არ საჭიროებს. აუცილებელია მოწევის აკრძალვა სახლში ან ბავშვის ირგვლივ  , რადგანაც მან შეიძლება გააძლიეროს ხველა.
ანტიბიოტიკი არ არის ეფექტური ბრონქიოლიტის მკურნალობაში, რადგან მისი ძირითადი გამომწვევი არის ვირუსი, ანტიბიოტიკი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში, მაგალითად: ყურის ანთება და ბაქტერიული პნევმონია.
ბრონქიოლიტით დაავადებულ ბავშვთა 3 % სჭირდება მონიტორინგი და მკურნალობა სტაციონარში, სადაც შეიძლება გაეწიოს დამატებითი დახმარება, როგორიცაა  ჟანგბადის მიწოდება და ინტრავენური გადასხმა.
იმის გამო , რომ ვირუსები რომლებიც იწვევენ ბრონქიოლიტს, არის გადამდები, საჭიროა სიფრთხილე  რომ თავიდან იქნეს აცილებულივ ვირუსის გავრცელება, ამიტომ  ვინც მონაწილეობს ბავშვის მოვლაში საჭიროა დაიბანოს ხელები ხშირად ბავშვთან ვიზიტამდე და ვიზიტის შემდეგ.
კვება.ბავშვები ჩვეულებრივ აგრძელებენ კვებას და სითხის მიღებას.იმ შემთხვევაში , თუ არ იღებენ საკვებს და სითხეს, სუნთქვა არის გახშირებული, ან აჩერებს პერიოდულად სუნთქვას, სითხეები უნდა გადაესხას ინტრავენურად.
ზოგ შემთხვევაში გამოიყენება საინჰალაციო მედიკამენტები, რომელიც ახდენს სასუნთქი გზების გაფართოებას  (ბრონქოდილატატორები), თუ მკურნალობის ფონზე აღინიშნება გაუმჯობესება გამეორება შეიძლება 4-6 საათში.
დამატებითი ჟანგბადის მიწოდება შეიძლება საჭირო გახდეს მაშინ , როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს ოთახის ჰაერიდან,მისი მიწოდება ხდება მილის საშუალებით(ნაზალური კანულით), რომელიც მაგრდება ცხვირის ნესტოებთან, ან გამოიყენება ნიღაბი და მიეწოდება ჟანგბადი ცხვირისა და პირის საშუალებით.
პერიოდულად უნდა მოხდეს სისხლში ჟანგბადის გაკონტროლება.როდესაც ბავშვი არის მძიმე , ვერ სუნთქავს ადექვატურად, ან აჩერებს სუნთქვას, სასუნთქი მილი(ენდოტრაქეალური მილი )შეიძლება მოთავსდეს პირის ღრუში და ყელში, რომელიც უერთდება სასუნთქ აპარატს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის რეგულარული სუნთქვა.
ბინაზე გაწერა. ჰოსპიტალიზირებულ ბავშვთა  მდგომარეობის დასტაბილურება ხდება 3-4 დღეში და მზად არიან სახლში დასაბრუნებლად. ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სასუნთქ აპარატს სუნთქვის გასაუმჯობესებლად , კლინიკაში ესაჭიროებათ დაყოვნება 4 დან 8 დღემდე, ან უფრო მეტი, სანამ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ იქნება ნორმის ფარგლებში. ბავშვთა უმრავლესობა, რომელთაც არა აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, გამოჯანმრთელდება 2-5 დღეში, ხიხინი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირა და მეტი, გამოჯანმრთელების პერიოდის გახანგრძლივება ხდება დღენაკლულებში და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებში.
პროფილაქტიკა. არსებობს რამდენიმე გზა  მძიმე ბრონქიოლიტის თავიდან ასაცილებლად: 
მოერიდეთ მოწევას სახლში, რადგან ეს ზრდის რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს, დაიბანეთ ხელები ხშირად წყლით და საპნით, განსაკუთრებით ჩვილის მოვლისას, დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარებით დეზინფექციის მიზნით, მოარიდეთ ბავშვი ზედა სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებულ პირებს,  არ გაუშვათ ბაღში ავადობის პერიოდში , რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
რეკომენდირებულია ყოველწლიური გრიპის ვირუსის ვაქცინაცია 6 თვის ზემოთ, 24 თვემდე ასაკის ჩვილებში, რომელთაც აღენიშნებათ ფილტვის ქრონიკული ან გულის დაავადებების სპეციფიური ტიპები, ასევე დღენაკლულ ჩვილებში (32 კვირაზე ადრე დაბადებულებში) შეიძლება დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტი პალივიზუმაბი, რაც შეამცირებს რსვ ვირუსით ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს. პალივიზუმაბი (სავაჭრო დასახელება სინამისი) შეიცავს  მონონუკლეარულ ანტისხეულებს , რომელიც ფილტვებს  იცავს  რსვ -ის  მძიმე დაზიანებისგან, შეიძლება გამოყენებულ იქნას ინექციის სახით კუნთებში თვეში 1 ჯერ 5 თვის განმავლობაში, სანამ დადგება რსვ-ს სეზონი.
ბრონქიოლიტი და ასთმა. არსებობს კავშირი ადრეულ ასაკში განვითარებულ ბრონქიოლიტსა და მოგვიანებით განვითარებულ ასთმას შორის .ზოგიერთი კვლევის მიხედვით ასთმის განვითარების რისკი მატულობს ხშირი ბრონქიოლიტის ეპიზოდების შემდეგ,თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის ასთმის განვითარების რისკი ბრონქიოლიტის ხშირ ეპიზოდებთან. ანამნეზში განმეორებითი (მორეციდივე) მსტვინავი სუნთქვის ეპიზოდების არსებობა , ასთმის ოჯახური ანამნეზი, ალერგიული გამოვლინებები  გვეხმარება ასთმის დიაგნოზის დასმაში.
როდის საჭიროებს ბავშვი დახმარებას?
ნებისმიერ დროს იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს უვითარდება მძიმე ბრონქიოლიტი, მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება  ან დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, კანის სიფერმკრთალე ან მოლურჯო  (ციანოზური) შეფერილობა, ხველის მძიმე ეპიზოდები. მშობელმა თვითნებურად არ უნდა მოახდინოს ბავშვის ტრანსპორტირება კლინიკაში თუ ბავშვი არის აგზნებული, ციანოზური, აქვს სუნთქვის გაძნელება, აჩერებს სუნთქვას, არის მივარდნილი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების ბრიგადას.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close