GEO

QUALIFIED PEDIATRICIAN SERVICES

24-HOUR FREE PHONE CONSULTATION

Title:: ლარინგოტრაქეიტი



კრუპი (ლარინგოტრაქეიტი) _ ზედა სასუნთქი გზების, უპირატესად ხორხისა და ხორხქვეშა მიდამოს ანთებითი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტრიადა: ინსპირაციული სტრიდორი, ხმის ჩახლეჩა და მყეფავი ხასიათის ხველა. იგი სასუნთქი გზების  ობსტრუქციის წამყვანი მიზეზია ადრეულ ასაკში. კრუპი უპირატესად ვითარდება 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში (91%), პიკური ასაკია 1-2 წელი. დაავადება 2-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. 
მყეფავი ხასიათის ხველა კრუპის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, რომელიც ძირითადად ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს ემართებათ, მაშინ როცა კრუპის მეორე მთავარი ნიშანი ხმის შეცვლა და ჩახლეჩა სკოლამდელი ასაკისა და მოზარდებისთვისაა დამახასიათებელი.იმის მიუხედავად რომ კრუპი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარე და თვითგანკურნებადი პროცესია, არის გართულების დიდი ალბათობაც  ზემო სასუნთქი გზების მნიშვნელოვანი ობსტრუქციითა და კიდევ უფრო იშვიათად-ლეტალობით.
   ტერმინი კრუპი-ს  სახელწოდებაში ადრე მოიაზრებოდა ზემო სასუნთქი გზების მთელი რიგი ავადობები: ლარინგიტი, ლარინგოტრაქეობრონქიტი,  ბაქტერიული ტრაქეიტი, სპაზმური კრუპი.  წარსულში კრუპს უწოდებდნენ საყლაპავის დიფტერიასაც. ამჟამად აღინიშნული დაავადებები ცალკე განიხილება. 
    ლარინგიტი-წარმოადგენს ლარინგეალური სივრცის ანთებას, რომელისთვისაც დამახასიათებელია ხმის ტემბრის შეცვლა (ხმის ჩახლეჩა). ძირითადად გვხვდება მოზარდი ასაკის ბავშვებში, მისი გამომწვევი უმეტეს შემთხვევაში-ვირუსია.
    ლარინგოტრაქეიტი(კრუპი)-არის ლარინგეალური სივრცისა და ტრაქეის მიდამოს ანთება, მისთვის  ტიპიურია მყეფავი ხასიათის ხველა, ხმის შეცვლა და ინსპირაციული ქოშინი.
    ლარინგოტრაქეობრონქიტი-არის ლარინგეალური სივრცის, ტრაქეის და ბრონქების ანთებითი პროცესი, რომლისთვისაც დამახასიათებელია აუსკულტაციით მსტვენავი სუნთქვა ან კრეპიტაცია,  ტაქიპნოე, ლარინგოტრაქეიტთან შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა .
      ბაქტერიული ტრაქეიტი-(ბაქტერიული კრუპი)  წარმოადგენს  ტრაქეის ანთებით დაავადებას, აღინიშნება ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც გამოწვეულია ჩირქოვანი ექსუდატით. იგი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის გართულება ან ბაქტერიული  პროცესის გამწვავება.
     სპაზმური კრუპი-ხასიათდება ღამით უეცარი დასაწყისით, ინსპირაციული სტრიდორით, მოკლე მიმდინარეობით(რამოდენიმე საათი) და უეცარი შეწყვეტით.ეს უმეტესად კავშირშია რესპირაციული ინფექციის მსუბუქ მიმდინარეობასთან, ამავე დროს გამორიცხავს ანთების და ცხელების არსებობას.სპაზმური კრუპის განმასხვავებელი და დამახასიათებელი ნიშანია უეცარი დასაწყისი, რეციდივების არსებობა და ღამის საათებში განვითარება. („ხშირად განმეორებადი კრუპი“, „ალერგიულ კრუპა“ )
       ეტიოლოგია -კრუპის  ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს ვირუსული ინფექცია. ვირუსებიდან წამყვანია პარაგრიპის ვირუსის 1 ტიპი, რომელიც შემოდგომასა და ზამთარში იწვევს ეპიდემიებს. 2 ტიპისთვის დამახასიათებელია შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მესამე ტიპისთვის  კი სპორადულ შემთხვევები ,რომელიც უფრო სერიოზული მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ვიდრე 1 და 2 ტიპით გამოწვეული კრუპი. კრუპის მძიმე შემთხვევებს იწვევს A ტიპის გრიპის ვირუსიც.
პარაგრიპი (74%)
გრიპი
წითელა
რესპირაციულ-სინციტიური
ადენოვირუსი
რინოვირუსი
ენტეროვირუსი
მეტაპნევმოვირუსი(უპირატესად ქვემო სას.გზების დაზიანებით გამოირჩევა თუმცა კრუპის შემთხვევებიც დაფიქსირებულა)

ბაქტერიული კრუპის შემთხვევბი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს :
Staphilococcus aureus
Micoplazma pneumoniae
Sreptococcus pneumoniae
Haemophilus influenza


    ეპიდემიოლოგია-კრუპი ძირითადად გვხვდება 6 -36 თვემდე ასაკის ბავშვებში,თუმცა არის კრუპის განვითარების შემთხვევები  როგორც  3 თვის ასაკში, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებშიც.უფრო ხშირად ავადობენ ბიჭები ,ვიდრე გოგონები 4:1 შეფარდებით. დაავადების შემთხვევები აღინიშნება  ძირითადად შემოდგომასა და ზამთარშია.
 კლინიკური გამოვლინება -კრუპის კლინიკური ნიშნების გამოვლენა დამოკიდებულია კრუპის სინდრომის ძირითად მიზეზე და ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ხარისხზე.

 ლარინგოტრაქეიტი-ძირითადად 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში გვხვდება. საწყისი სიმპტომი როგორც წესი რინორეაა ან გახშირებული ცემინება.სიმპტომების გენერალიზება 12-48 საათში ხდება-ცხელება,მყეფავი ხველა და ხმის ჩახლეჩა.გაძლიერებული ჩასუნთქვები,კიდევ უფრო აძლიერებს ზემო სას.გზების ობსტრუქციას და კლინიკა უფრო მძიმდება. სწრაფი პროგრესირების შემთხვევაში ზემო სასუნთქ გზებთან ერთად აღინიშნება ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებაც, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კლინიკას და გაართულებს გამოჯანმრთელებას.ხველა უმეტესად 3 დღემდე გრძელდება,ხოლო სხვა სიმპტომები(ხმის ჩახლეჩა,ცხელება,რინორეა) შესაძლოა 7 დღემდეც გაგრძელდეს. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან აღინიშნება დაავადების გახანგრძლივება უნდა მოხდეს   დიფ.დიაგნოზის   გატარება სხვა ობსტრუქციით მიმდინარე ავადობებთან.
 სასუნთქი გზების ობსტრუქციის ხარისხის განსაზღვრა ხდება ფიზიკალური გასინჯვის შედეგებით. დაავადების მსუბუქ შემთხვევაში ვლინდება ხმის ტემბრის ცვლილება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, იშვიათ შემთხვევებში ფარინგიტის კლინიკური ნიშნები. ობსტრუქციის პროგრესირებისას ვითარდება სტრიდორი, ტაქიპნოე, ინსპირაციული ქოშინი გახანგრძლივებული ჩასუნთქვის ფაზით.სტრიდორი განსაზღვრავს კრუპის ხარისხს.მოსვენებულ მდგომარეობაში სტრიდორის არსებობა მიუთითებს სას. გზების  საშუალო ან ძლიერ ობსტრუქციაზე.ობსტრუქციის მომატებისას ბავშვი ჯერ აგზნებულია, ხოლო  შემდეგ ადინამიური, ობსტრუქციის პროგრესირებისას ვლინდება რეტრაქციები (სუპრასტერნალური, სუბკოსტალური და ინტრაკოსტალური). სუნთქვის უკმარისობის ფონზე ვითარდება ჰიპოქსია, რაც შესაძლოა ლეტალობის მიზეზი გახდეს.
სპაზმური კრუპიც უმეტესად 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში გვხვდება, ვლინდება ღამის საათებში, ლაინგოტრაქეიტისგან განსხვავებით სიმპტომები უფრო მსუბუქია და ხასიათდება ხანმოკლე მიმდინარეობით. ცხელება როგორც წესი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლებელია იყოს ზემო სას.გზების მსუბუქად გამოხატული სიმპტომები (მაგ.რინიტი,ცემინება). ზოგჯერ შეტევის ეპიზოდი  ერთ ღამეში რამოდენიმეჯერ ვითარდება, უმეტესად გათენებისას. მას ამის გამო ხშირად „მორეციდივე კრუპსაც“ უწოდებენ.იმ ბავშვებს რომელთაც მემკვიდრული წინასწარგანწყობა აქვთ ალერგიის ან კრუპისა, უპირატესად ემართებათ სპაზმური კრუპი.
      კლინიკური მიმდინარეობის საწყის ეტაპზე ძნელად გასარჩევია  სპაზმური კრუპი ლარინგოტრაქეიტისგან. მაგრამ სრული კლინიკური სურათის ჩამოყალიბების  შემდეგ, ჩვეულებრივ შესაძლებელია დიფერენცირება. სპაზმური კრუპი ჩვეულებრივ ხასიათდება  კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ახასიათებს თვითგანკურნება ბავშვის დამშვიდებისა და ნოტიო ჰაერის მიწოდების შემდეგ, იშვიათად მოითხოვს მკურნალობას კორტიკოსტეროიდითა და ნებულაიზეროთერაპიას ეპინეფრინით.
       ბაქტერიული ტრაქეიტი - შეიძლება იყოს  როგორც პირველადი ასევე მეორადი. პირველადად განვითარებული ბაქტერიული ტრაქეიტი ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სასუნთქი გზების მკვეთრად გამოხატულის ობსტრუქციითა და ინტოქსიკაციის  ნიშნებით.
   მეორადი ბაქტერიული ტრაქეიტი  ძირითადად ვითარდება ვირუსული ლარინგოტრაქეიტის გართულების შედეგად,აღინიშნება ფებრილიტეტი, ინტოქსიკაციისა და რდს-ის ნიშნები, რომლის მიზეზიც არის  ჩირქოვანი ექსუდატის დაგროვება. იზრდება რისკი პროცესის ქვემო სასუნთქ გზებში გადასვლაზე და ბაქტერიულ მანიფესტაციაზე.

პაციენტის შეფასება
პაციენტის საწყისი შეფასება მოიცავს
ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას
სასიცოცხლო მონაცემების შეფასებას( სუნთქვ,პულსი)
პულსოქსიმეტრია
სასუნთქი გზების სტაბილიზაციის განსაზღვრა
მენტალური სტატუსის განსაზღვრა (აგზნებულია თუ ლეთარგიული)
რესპირაციული დისტრესის განსაზღვრა
სუნთქვის უკმარისობის ნიშნების დროული გამოვლენა

შესაძლო რესპირატორულ უკმარისობაზე მიუთითებს : 
ადინამია
მკვეტრად გამოხატული რეტრაქციები, რომლების სუნთქვის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად მცირდება
სუნთქვითი  ხმიანობის შესუსტება ან გაქრობა
ცნობიერების დონის დაქვეითება
ტაქიკარდია 
სიფერმკრთალე ან ციანოზი
    ბავშვებს რომელთაც აღენიშნებათ რესპირაციული დისტრესი   საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას,სასუნთქი გზების გამავლობის სტაბილიზაციასა და შემდგომი თერაპიის დაგეგმვას.
ობსტრუქციის ხარისხის შეფასებისთვის გამოიყენება  ვესტლის შკალა. 
ცნობიერების ხარისხი: ნორმალური, ძილის ჩათვლით = 0, დეზორიენტირებული = 5
ციანოზი: არ არის = 0, დატვირთვისას = 4, მშვიდ მდგომარეობაში = 5
სტრიდორი: არ არის = 0, დატვირთვისას = 1, მშვიდ მდგომარეობაში = 2
ჰაერის გამავლობა: ნორმალური = 0, დაქვეითებული = 1, მნიშვნელოვანად დაქვეითებული = 2
რეტრაქციები: არ არის = 0, მსუბუქი = 1, ზომიერი = 2, ძლიერ გამოხატული = 3
ვესტლის შკალას ჯამური მაჩვენებელი მერყეობს 0-დან 17 ქულამდე.
ვესტლის შკალას მიხედვით მსუბუქი ხარისხის კრუპი განისაზღვრება, როგორც < 2 ქულა. ასეთ შემთხვევებში პაციენტს აღენიშნება მყეფავი ხველა, ხმის ჩახლეჩა, სტრიდორი გამოხატულია მხოლოდ დატვირთვისას, ვლინდება გულმკერდის/სუბკოსტალური მსუბუქი რეტრაქციები.
საშუალო სიმძიმის კრუპი ვესტლის შკალას მიხედვით განისაზღვრება 3-7 ქულით. პაციენტს აღენიშნება სტრიდორი მშვიდ მდგომარეობაში, ზომიერი რეტრაქციები და რესპირატორული დისტრესის სხვა ნიშნები და სიმპტომები მსუბუქი აგზნებით ან მის გარეშე
მძიმე კრუპი განისაზღვრება, როგორც > 8 ქულა. დამახასიათებელია ძლიერ გამოხატული სტრიდორი მშვიდ მდგომარეობაში, თუმცა ეს უკანსკნელი შეიძლება შემცირდეს ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის მომატებისა და სასუნთქ გზებში ჰაერის გატარების დაქვეითების პარალელურად. პაციენტს აღენიშნება გამოხატული რეტრექციები (მკერდის ძვლის ჩადრეკვის ჩათვლით), აგზნება ან ლეთარგია.     
     დიაგნოსტიკა-დიაგნოზი ისმევა ძირითადად კლინიკური ნიშნების საფუძველზე.კვლევები ტარდება გართულებულ შემთხვევაში,სხვა ავადობებზე ეჭვის დროს ან ჰოსპიტალიზაციისას. საჭიროებისას ნაჩვენებია 
რენტგენოლოგიური კვლევა
სისხლის საერთო ანალიზი 
მიკრობიოლოგიური  კვლევები.
ლარინგოტრაქეიტის დროს რენტგენოგრამაზე შესაძლოა აღინიშნოს ხორხსარქველის ქვედა მიდამოს შევიწროება „სოლის „ ნიშნის სახელწოდებით
დიფ.დიაგნოზი   უნდა გატარდეს სხვა ობსტრუქციით მიმდინარე  დაავადებებთან:
მწ.ეპიგლოტიტი
პერიტონზილაური და რეტროფარინგეალური აბსცესი
უცხო.სხეულის ასპირაცია
ალერგიული რეაქცია
მწ.ანგიონევროზული ედემა
ზემო სას.გზების დაზიანება
ზემო სას.გზების ანომალიები
ლარინგეალური დიფტერია
 რეზუმე და რეკომენდაციები :
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსების კრიტერიუმები:
სტრიდორი მოსვენებულ მდგომარეობაში
სასუნთქი გზების ანომალიები 
ანამნეზში საშუალო და მძიმე კრუპის ეპიზოდები
ფონური დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობს სუნთქვის უკმარისობის განვითარებას (მაგ: ნერვ-კუნთოვანი დაავადებები)
სიმპტომების სწრაფი პროგრესირება (ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის სიმპტომები დაავადების დაწყებიდან 12 სთ-ზე ნაკლებ დროში)
ორალურად სითხის მიღების უნარის არქონა
მშობლის გადამეტებული მღელვარება
სიმპტომების გახანგრძლივება (3-7 დღეზე მეტი) ან ატიპიური მიმდინარეობა (რაც ეჭვს ბადებს სავარაუდოდ ალტერნატიულ დიაგნოზზე)
მკურნალობა  
კრუპის მკურნალობა გულისხმობს ფარმაკოლოგიურ და არაფარმაკოლოგიურ ჩარევებს,რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ჰოსპიტალში, ასევე სახლის პირობებშიც
 სტეროიდებით მკურნალობა ამცირებს კლინიკური სიმპტომების სიმძიმეს, სამედიცინო დაწესებულებაში განმეორებით მომართვას, საინჰალაციო ადრენალინის გამოყენების აუცილებლობას, დაავადების ხანგრძლივობას, ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების მაჩვენებლებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას, ინტუბაციის აუცილებლობას, აუმჯობესებს გამოსავალს. ნაჩვენებია ინტრამუსკულარული, ინტრავენური, პერორალური და საინჰალაციო ფორმით კორტიკოსტერპიდების გამოყენება
ორალური დექსამეტაზონი ისეთივე ეფექტურია, როგორც პარენტერალური ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი. პერორალური სტეროიდის ერთჯერადი გამოყენება უხშირესად  საკმარისია.  ეფექტი მიიღწევა 1-6 საათში. რეკომენდებული დოზა 0,15_0,6მგ/კგ (ერთჯერადი დოზა) სიმძიმის მიხედვით (მაქსიმალური დასაშვები დოზა 10 მგ).  დექსამეტაზონის ტაბლეტის დოზა ძალიან პატარაა და ცუდი გემო აქვს. ამპულა უფრო კონცენტრირებულია (4მგ/მლ), ამიტომ პერორალური მიღებისთვის დასაშვებია ამპულის სიროფთან შერევა. დექსამეტაზონის ალტერნატივაა ორალური მეთილპრედნიზოლონი ან პრედნიზოლონი 1-2 მგ/კგ (2 წლამდე 10 მგ, 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 20 მგ). 
ბუდეზონიდით ნებულაიზეროთერაპია ისეთივე  ეფექტურია როგორც  IM ან IV დექსამეტაზონი. თუმცა მკურნალობა არის უფრო ძვირადღირებული, ამიტომ რუტინულად არ გამოიყენება. ბუდეზონიდის ერთჯერადი დოზა ნებულაიზერით 2 მგ (2მლ ხსნარი). გამეორება შეიძლება ყოველ 12 საათში 1 მგ-ის ოდენობით. მძიმე დისტრესის დროს ბუდეზონიდის და ადრენალინის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად. 
 ეპინეფრინი - 
ეპინეფრინით ნებულაიზეროთერაპიას აქვს სწრაფი ეფექტი საშუალო და მძიმე ხარისხის ობსტრუქციის დროს. რაცემიული ეპინეფრინი D  და L იზომერებს შეიცავს და ითვლება რომ მეტად დაცული  და ეფექტური პრეპარატია,თუმცა კვლევებით არ იქნა დადასტურებული დიდი სხვაობა რაცემიულ ეპინეფრინსა და სხვა სახით ადრენალინის მოხმარებას შორის. აშშ-ში ადრენალინის ნებისმიერი ფორმა გამოიყენება კრუპის მოსახსნელად,უპირატესობა არცერთს არ ენიჭება.
2,25% რაცემიული ეპინეფრინი გამოიყენება დოზით 0,05მლ/კგ/დოზა ( მაქსიმალური 0,5 მლ) განზავებული 3 მლ-მდე ფიზიოლოგიურ ხსნარში. გამოყენება შეიძლება ყოველ 20 წუთში. მაგრამ თუ პაციენტს ესაჭიროება ადრენალინის მესამე ან მეტი დოზა, აუცილებელია მისი მოთავსება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
L-ადრენალინის (ადრენალინის ჰიდროქლორიდი) ინჰალაციური გზით გამოყენების შემთხვევაში ეფექტი რაცემიული ეპინეფრინის ანალოგიურია. იხმარება 1:1000 განზავების ხსნარის  0,5 მლ/კგ/დოზა (მაქსიმალური 5 მლ), 1 წლამდე ასაკში აუცილებელია განზავება 2,5 მლ. ფიზიოლოგიურ ხსნარში. 1 წელზე მეტ ასაკში იხმარება განუზავებლად, განზავება ეფექტს ამცირებს. ეფექტი გრძელდება 2 საათი. მძიმე შემთხვევაში განმეორება შესაძლებელია 20 წუთში. (ადრენალინის ჰიდროტარტრატის 0,18% ხსნარი შეესაბამება ადრენალინის ჰიდროქლორიდის 0,1 % ხსნარს).
ნებულაიზეროთერაპია სასურველია ჩატარდეს ჟანგბადით. 
ადრენალინით ინჰალაციის ფონზე გაუმჯობესების მიუხედავად დინამიური მეთვალყურეობა რეკომენდებულია 3 საათის განმავლობაში. 2-3 საათიან ინტერვალში ადრენალინის 3 ან მეტი დოზის გამოყენებისას ნაჩვენებია სასიცოცხლო მაჩვენებლების მჭიდრო მონიტორინგის დაწესება.
ადრენალინის ინჰალაციის ხშირი გამოყენების საჭიროებისას ყოველ საათში ან 2 სთ-ში ერთხელ, პაციენტი უნდა იქნეს გადაყვანილი/მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც შესაძლებელია უფრო მჭიდრო მონიტორინგის დაწესება
       

ანტიბიოტიკები-ანტიბიოტიკი ინიშნება ბაქტერიული გართულებისას, მაგალითად-ბაქტერიული ტრაქეიტის შემთხვევაში.
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები რეკომენდირებული არ არის. კოდეინმა რომელიც ყველაზე ძლიერი ხველის დამთრგუველია შესაძლოა კლინიკური ნიშნების წაშლა მოახდინოს და კრუპის მართვა გაართულოს.
დეკონგესტანტები - მათი დადებითი ეფექტი კრუპის მართვაში დადასტურებული არ არის.
დამამშვიდებელი საშუალებები-მათი რეგულარული გამოყენება რეკომენდებული არ არის
კრუპის ქვეშ განიხილებოდა მთელი რიგი დაავადებებისა,რომელიც ეხლა ცალკე განიხილება-ლარინგიტი,ლარინგოტრაქეიტი,ლარინგოტრაქეობრონქიტი,სპაზმური კრუპი,ბაქტერიული ტრაქეიტი.ამ მოხსენებაში კრუპი განიხილება როგორც ლარინგოტრაქეიტი.
კრუპის ძირითადი გამომწვევი არის ვირუსული ინფექცია, ძირითადად პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური და გრიპის ვირუსები.
კრუპი უმეტესად გვხვდება 6-36 თვემდე ასაკში,უმეტესად გვიან შემოდგომასა და ზამთარში.
კრუპის განვითარებას განაპირობებს მემკვიდრული წინასწარგანწყობა,ზემო სასუნთქი გზების ფუნქციური და ანატომიური მიდრეკილება ობსტრუქციისადმი.
კრუპის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ზემო სასუნთქი გზების  ობსტრუქციის ხარისხზე
ლარინგოტრაქეიტის  დროს  სიმპტომები იწყება  თანდათან სურდოთი ან ცემინებით. ცხელება, ხმის ჩახლეჩა, მყეფავი ხველა და სტრიდორი როგორც წესი მომდევნო 24 საათში ვლინდება. სიმპტომების სწრაფი პროგრესირება პროცესის უფრო რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
სპაზმური კრუპისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი(პროდრომის გარეშე)  ღამის საათებში. ცხელება არ აღინიშნება, თუმცა შესაძლებელია გამოხატული იყოს მსუბუქი რესპირაციული ნიშნები (სურდო,ცემინება).
ბაქტერიული ტრაქეიტი იწყება მწვავედ,ახასიათებს ცხელება,ინტოქსიკაციის ნიშნები,სუნთქვის უკმარისობის მძიმე მიმდინარეობა.
კრუპის შეფასებაში მნიშვნელოვანია როგორც ხარისხის შეფასება,ასევე სხვა ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებების გამორიცხვა.
სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის შეფასება (საერთო მდგომარეობა, სასიცოცხლო ნიშნები, პულსოქსიმეტრია, მენტალური სტატუსი სასუნთქი) შესაძლო რესპირაიული უკმარისობის დროული გამოვლენისთვის 
კრუპის დიაგნოზი დაფუძნებულია კლინიკურ ნიშნებზე („მყეფავი“ ხველა, ხმის შეცვლა და სტრიდორი). რენტგენოლოგია და ლაბორატორიული კვლევები რუტინულად არ არის საჭირო , ნაჩვენებია მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით
კრუპის დიფერენციალური დიაგნოზი გულისხმობს სხვა ობსტრუქციით მიმდინარე ავადობების გამორიცხვას,რომლებმაც შესაძლოა ობსტრუქციის სწრაფი პროგრესირება გამოიწვიოს და საჭირო იყოს სპეციფიური მკურნალობა
გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ობსტრუქციის ხარისხს. უპირატესობა ენიჭება დექსამეტაზონის ორალურ  და ინტრამუსკულარულ ფორმას.
ადრენალინით ნებულაიზეროთერაპიას აქვს სწრაფი ეფექტი ობსტრუქციის დროს, მაგრამ ეს ეფექტი  გრძელდება 2 საათი.
დატენიანებული ჰაერი გამოიყენება დამხმარე საშუალებად,თუმცა სიმპტომებს ვერ ამცირებს.
დატენიანებული ჟანგბადი უნდა მიეწოდოს ჰიპოქსემიის დროს ან/და  მძიმე ხარისხის კრუპისას.
ჰელიოქსი ეფექტურობა ბოლომდე დამტკიცებული არ არის, დატენიანებულ ჟანგბადთან და რაცემიულ ეპინეფრინთან მიმართებაში.
ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.
ხველისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა კრუპის მართვაში დამტკიცებული არ არის,
დამამაშვიდებელმა საშუალებებმა შესაძლოა სუნთქვა შედარებით შეამსუბუქონ,ოღონდ არა ვენტილაციის რეალური გაუმჯობესების ხარჯზე.


This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close