ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: ხველა

ხველა ბავშვებში
რა არის ხველა? - ხველა არის ორგანიზმის მნიშვნელოვანი რეფლექსი, რომლის საშუალებითაც სხეული ახდენს სასუნთქი გზების გასუფთავებას. ხველა ასევე იცავს სხეულს ქვედა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისგან. 
ერთეული ხველა, როგორც წესი, პათოლოგიის მაჩვენებელი არ არის, თუმცა, ზოგჯერ ხველა შესაძლოა ამა თუ იმ დაავადების სიმპტომს წარმოადგენდეს. 
ხველას ეწოდება „მშრალი“ იმ შემთხვევაში, როდესაც თან არ ახლავს ნახველის ევაკუაცია, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში ხველა „სველია“. ორივე შემთხვევაში ხველის ხმიანობა განსხვავებულია. იგი ზოგჯერ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ზოგჯერ მძიმეა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შესაძლებელია სუნთქვის გაძნელებაც კი განვითარდეს. 
რა იწვევს ხველას ბავშვებში? - ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
სასუნთქი გზების და ფილტვების ინფექციები (მათ, შორის, სურდო);
უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ გზებში;
ასთმა - ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გაძნელებით;
ფილტვის სხვა პრობლემები, მათ შორის, თანდაყოლილი დაავადებები;
ე.წ. „ჩვეული ხველა“, რომლისთვისაც ტიპიურად დამახასიათებელია ხველის გაქრობა ძილის დროს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს? - ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ:
ბავშვის ასაკი ნაკლებია 3 თვეზე;
აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გახშირება;
გამოვლინდა ძლიერი შეტევითი ხასიათის ხველა, რომელიც განვითარდა საკვების ან სხვა უცხო სხეულის სასუნთქ გზებში გადაცდენის შედეგად იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ ეპიზოდს ადგილი ჰქონდა რამოდენიმე დღის ან კვირის წინ;
აღენიშნება სისხლიანი ხველა ან ხველა ყვითელი ან მწვანე შეფერილობის ნახველის გამოყოფით;
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
აღენიშნება ტემპერატურის მომატება და მივარდნილობა;
ხველის ინტენსივობა იმატებს იმდენად, რომ იწვევს ღებინებას;
ხველა გრძელდება 2 კვირაზე ხანგრძლივად.
სჭირდება თუ არა ჩემს ბავშვს რომელიმე კვლევა? - თავდაპირველად ექიმი გასინჯავს ბავშვს და შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა კვლევა ესაჭიროება ბავშვს ასაკისა და სხვა სიმპტომების გათვალისწინებით.
ყველაზე ხშირად გამოყენებული კვლევები:
გულმკერდის რენტგენოგრაფია;
ინფექციის გამომწვევის დადგენა, მაგ. სპეციალური ჩხირით ნიმუშის აღება ბავშვის ცხვირიდან ან ხახიდან და მისი შემდგომი გადაგზავნა გამოსაკვლევად;
სუნთქვის ტესტები - ამ ტესტების საშუალებით ხდება ფილტვის ფუნქციონირების შეფასება. ეს პროცედურა გულისხმობს პაციენტის მიერ სპეციალურ მილში ძლიერად ჩაბერვას. ეს ტესტი შესაძლებელია ჩატარდეს 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში;
ბრონქოსკოპია - ამ პროცედურის დროს ექიმი იყენებს წვრილ მილს, რომლის ბოლოში მოთავსებულია კამერა („ბრონქოსკოპი“) და ათვალიერებს სასუნთქ გზებს შიგნიდან. უცხო სხეულის არსებობის შემთხვევაში ექიმი ამოიღებს მას ბრონქოსკოპის საშუალებით. 
შემიძლია თუ არა დავეხმარო ჩემს შვილს ხველის დროს? - დიახ. თუ ბავშვი გაციებულია, აქვს კრუპი ან სხვა ინფექცია, თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
მიეცით ბევრი სითხე;
დაატენიანეთ ჰაერი მის საწოლ ოთახში;
გაიყვანეთ სააბაზანოში, მოუშვით ცხელი შხაპი კრუპის დროს.
რა არ უნდა გავაკეთო ხველის დროს?
არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ხველის და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, განსაკუთრებით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს მედიკამენტები, როგორც წესი, არ არის ეფექტური და მცირე ასაკში შესაძლებელია სერიოზული პრობლემების განვითარებაც კი გამოიწვიოს. არ გამოიყენოთ ასპირინი 18 წლამდე ასაკში, რადგან შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში გართულების - რეის სინდრომის განვითარების მიზეზი გახდეს.
როგორ ვუმკურნალოთ ხველას? - მკურნალობას განსაზღვრავს ხველის მიზეზი, მაგალითად:
ზოგი ინფექციის შემთხვევაში გამოიყენება ანტიბაქტერიული საშუალებები. ბაქტერიული ინფექციის დროს ინიშნება ანტიბიოტიკი, ვირუსულის დროს ანტიბიოტიკი არ ინიშნება.
ასთმის შემთხვევაში გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ფილტვებში ხვდება ინჰალაციის (ჩასუნთქვის) გზით.
უცხო სხეულის შემთხვევაში უცხო სხეულს იღებენ ბრონქოსკოპის საშუალებით.
ექიმები ბავშვებში ხველის დამთრგუნველ პრეპარატებს არ ნიშნავენ. ეს მედიკამენტები, ჩვეულებრივ, არაეფექტურია და ხასიათდება სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებით ბავშვებში.

მ. მახარაშვილი
ლ. ქართლელიშვილი

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close