ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კონტაქტური დერმატიტი


შესავალი - დერმატიტი იგივე კანის ანთებაა. კონტაქტიური დერმატიტი არის დერმატიტის სახე, რომელიც ვითარდება კანსა და რაიმე უცხო ნივთიერებას შორის კონტაქტის შედეგად. ეს უცხო ნივთიერება შეიძლება წარმოადგენდეს ალერგენს (ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიული რეაქციის განვითარებას) ან გამღიზიანებელ აგენტს (ნივთიერება, რომელიც აზიანებს კანს). კონტაქტური დერმატიტების შემთხვევების 80% სწორედ გამღიზიანებელ აგენტზე მოდის. 
უმრავლეს შემთხვევაში, ჰიგიენის ნორმების სწორად დაცვის და მედიკამენტებით მკურნალობის ჩართვის შედეგად კონტაქტური დერმატიტის სიმპტომები ადვილად კონტროლდება და არ ვითარდება გართულებები. 
გამაღიზიანებელი აგენტით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი - ასეთი ტიპის დერმატიტი ვითარდება კანსა და უცხო აგენტს შორის ურთიერთქმედების შედეგად, რომლის დროსაც ეს აგენტი ახდენს კანის ფიზიკურ, მექანიკურ ან ქიმიურ დაზიანებას, რაც იწვევს კანის ნორმალური ბარიერული ფუნქციის დარღვევას. 
მიზეზები - უმრავლეს შემთხვევაში, გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადი ნივთიერებები, როგორიცაა საპონი, გამწმენდი საშუალებები და დაბალი ხარისხის ალკოჰოლი. 
სიმპტომები - მცირე გაღიზიანებას ახასიათებს კანის სიწითლე, სიმშრალე და ქავილი, შესაძლოა განივთარდეს ნაკაწრები. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შეშუპება, სითხის დენა დაზიანებული არიდან, დაჭიმულობა ან სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა. ყველაზე ხშირად ზიანდება მტევნები, განსაკუთრებით, თითებს შორის მიდამო. ამ ტიპის დერმატიტის დროს შეიძლება დაზიანდეს სახეც, განსაკუთრებით, ქუთუთოების ნაზი კანი. 
დიაგნოზი - დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ისმება პაციენტის ანამნეზის დაწვრილებითი შეგროვების და ფიზიკალური გამოკვლევის საფუძველზე. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის ალერგიული სინჯის ჩატარება (კანზე აწვეთებენ მცირე რაოდენობით გამაღიზიანებელ ნივთიერებას), რაც გვეხმარება ალერგიული და გამაღიზიანებელი აგენტით გამოწვეული დერმატიტების დიფერენცირებაში. ეს ტესტი უნდა გაკეთდეს დერმატოლოგის ან ალერგოლოგის მიერ, რომელიც სპეციალურად არის მომზადებული ამ პროცედურის გასაკეთებლად. 
მკურნალობა - მკურნალობის მიზანი არის კანის ნორმალური ბარიერული ფუნქციის აღდგენა და კანის დაცვა სამომავლო დაზიანებებისგან. აუცილებელი პირობაა, რომ მოხდეს გამომწვევი აგენტის მოშორება კანიდან. ზოგჯერ მხოლოდ საპნის მოშორება და დამარბილებელი კრემების და ზეთების გამოყენება დაზიანების ადგილას მთლიანად ალაგებს სიმპტომებს. თუ პაციენტს მაინც უწევს გამღიზიანებელ ნივთიერებასთან კონტაქტი, უნდა გამოიყენოს ხელთათმანები. 
მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ტოპიკური (ადგილობრივი) კორტიკოსტეროიდების გამოყენება. სტეროიდული კრემები გამოდის სხვადასხვა გამოშვების ფორმით, სადაც აქტიური ნივთიერება შესაძლოა სხვადასხვა რაოდენობით შედიოდეს და, შესაბამისად, მოქმედების სიმძლავრე შეიძლება იყოს სხვადასხვა. აქტიური ნივთიერების ყველაზე მცირე დოზის შემცველი კრემები ურეცეპტოდ გაიცემა (მაგ. ჰიდროკორტიზონის 1%-იანი კრემი). 
სტეროიდული მკურნალობა მეტად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი გარედან იფარება რაიმე ბარიერული საფენის, მაგალითად, პლასტირის, სახვევის, ბამბის ხელთათმანების ან ზეთოვანი საცხის საშუალებით. ორალური სტეროიდები (მაგ. პრედნიზოლონი) შეიძლება გამოვიყენოთ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მძიმე დერმატიტის დროს, არ ინიშნება ხანგრძლივად.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ვითარდება ალერგენის მიერ კანზე არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად. ალერგენი ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც სიგნალს აგზავნის ანთებითი პროცესის დასაწყებად. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ვითარდება ახალი პროდუქტის მიღების შემდეგ ან იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აღნიშნული პროდუქტი არ მიუღია თვეების ან წლების განმავლობაში. 
გავრცელებული ალერგენები - სურო, მუხა და თუთუბო შეიცავს ზეთოვან ნივთიერებას, რომელიც ხშირად იწვევს კონტაქტური ალერგიული დერმატიტის განვითარებას. მანგო ასევე შეიცავს ამ ნივთიებას და ამ გზით შეუძლია ალერგიული კონტაქტიური დერმატიტის გამოწვევა. 
სხვა გავრცელებული ალერგენებია: ნიკელი, რომელიც იუველირიაში გვხვდება, პარფიუმერია და კოსმეტიკა, რეზინის შემცველობის მქონე ნივთები, ფრჩხილის ლაქი და ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ფეხსაცმელების დასამზადებლად გამოიყენება (ორივე - ტყავის და სინთეტიკურ ნაწარმში). 
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ასევე შეიძლება განვითარდეს ისეთი მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა ჰიდროკორტიზონის კრემი, ანტიბიოტიკების შემცველი კრემები, ბენზოკაინი და თიმეროსალი. შედარებით იშვიათად ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს იწვევს სარეცხი საშუალებების შემცველი ნივთიერებები. 
სიმპტომები - ინტენსიური ქავილი და მზრდადი წითელი ფერის გამონაყარი დაზიანებულ არეში. მძიმე შემთხვევაში გამონაყარმა შეიძლება მიიღოს ბუშტუკოვანი ხასიათი. გამონაყარი, ჩვეულებრივ, შემოსაზღვრულია იმ რეგიონით, რომელზეც მოხდა ალერგიული აგენტის პირდაპირი ზემოქმედება, თუმცა შესაძლებელია სხეულის სხვა ნებისმიერ რეგიონშიც განვითარდეს, თუ ამ რეგიონში ალერგენი გადატანილ იქნა პაციენტის ხელების საშუალებით. ამ ტიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ალერგენით დაბინძურებული არე უნდა დავიბანოთ წყლით და საპნით. 
გამონაყარი, ჩვეულებრივ, ვითარდება ალერგენის კანზე მოხვედრიდან 12-48 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია 2 კვირის შემდეგაც კი განვითარდეს. იშვიათად, გამონაყარი შეიძლება გახანგრძლივდეს თვეების და წლების განმავლობაში, რაც ართულებს ამ რეაქციის გამომწვევი მიზეზის გამოცნობას. 
დიაგნოზი - დიგანოსტირება ხდება პაციენტის ანამნეზისა და ფიზიკალური გამოკვლევის მიხედვით. თუ სიმპტომები ალერგენის მოცილების შემდეგ უკუვითარდება, დიაგნოზი დასტურდება. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის ალერგიული სინჯი ჩატარება, რომელიც კეთდება დერმატოლოგის ან ალერგოლოგის მიერ. 
მკურნალობა - ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ჩვეულებრივ, ლაგდება ალერგენის მოცილებიდან დაახლოებით 2-4 კვირაში, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი შესაძლოა უფრო მეტადაც გახანგრძლივდეს. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად შესაძლებელია სიმპტომების მაქსიმალურად შემცირება და სიმპტომების მაქსიმალურად კონტროლი ქრონიკული ალერგიული დერმატიტის შემთხვევაში. ეს ღონისძიებებია:
რამდენადაც შესაძლებელია, მოახდინეთ ალერგენის იდენტიფიცირება და მოაცილეთ აღმოჩენისთანავე;
დაიმუშავეთ დაზიანებული არე ნაცრისფერი და ყვითელი შეფერილობის ანტისეპტიკური ხსნარებით, წაისვით დამარბილებელი ლოსიონები, როგორიცაა ცელამინის ლოსიონი (თუთიის და რკინის ოქსიდის შემცველი ლოსიონი, აქვს ქავილის საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და გამომშრობი ეფექტი) - კარგად დაგეხმარებათ მსუბუქი კონტაქტური დერმატიტების დროს. 
ტოპიკური კორტიკოსტეროიდები შესაძლოა დაინიშნოს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კონტაქტური დერმატიტების დროს. სტეროიდული კრემები და მალამოები სხვადასხვა გამოშვების ფორმებში შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით აქტიურ ნივთიერებას. აქტიური ნივთიერების ყველაზე მცირე რაოდენობით შემცველი ფორმები (მაგ. ჰიდროკორტიზონის 1%-იანი კრემი) გაიცემა ურეცეპტოდ.
უფრო უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში, რეკომენდირებულია სველი ან ნოტიო საფენები, განსაკუთრებით, როდესაც დაზიანებული არე შეიცავს სითხის შემცველ ელემენტებს და ქერქებს. ასეთი სახვევები არბილებს კანს და ხსნის ქავილს, ამცირებს სიწითლეს, ნაზად აშორებს ქერქებს და ახდენს დამატებითი ნაკაწრების გაჩენის პრევენციას. ნოტიო ბამბის შემცველი სახვევი (სახვევი ჯერ უნდა დავასველოთ წყალში და მერე გავწყუროთ) იდება უშუალოდ დაზიანებულ არეზე და შემდეგ გარედან იფარება მშრალი სახვევით. მოზრდილებში შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს ღამით სველი საღამურების ჩაცმას. დღისით სველი საფენები უნდა შეიცვალოს ყოველ 8 საათში ერთხელ. ჩვილებს ან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს კანის დიდი მოცულობის დაზიანების დროს უნდა ჩავაცვათ სველი საღამურები და გარედან უნდა ამოვაცვათ მშრალი საღამურებიც, რომ ეძინოს მშრალად. 
მძიმე დერმატიტების დროს შეიძლება დაინიშნოს ორალური სტეროიდების (მაგ. პრედნიზოლონი) მოკლე კურსი.
ლატექსით გამოწვეული დერმატიტი - ლატექსი არის თხევადი ნივთიერება, რომელიც მიიღება კაუჩუკის ხისგან და გამოიყენება სხვადასხვა საგნების წარმოებაში, როგორიცაა ხელთათმანები, ბუშტები და კონდომები. ზოგ ინდივიდს ამ საგნებთან შეხების შედეგად შეიძლება განუვითარდეს ალერგიული ან გამაღიზიანებელი ზემოქმედებით გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად, შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც კი განვითარდეს. 
გამაღიზიანებელი ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი - ასეთი ტიპის დერმატიტი, ჩვეულებრივ, ვლინდება ხელებზე იმ პირებში, რომლებმაც გამოიყენეს ლატექსის შემცველი ხელთათმანები, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა ლატექსი არ არის. ეს ხელთათმანები, მიუხედავად იმისა შეიცავენ თუ არა ლაქტექსს, ხშირად დამზადებულია სხვადასხვა ქიმიური დანამატების მინარევებით, რაც აღიზიანებს კანს. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელთათმანის ზედაპირი ატენიანებს კანს, რაც მას უფრო რბილს და ადვილად დაზიანებადს ხდის. ამ ფაქტორების კომბინაციის შედეგად ვითარდება დერმატიტი. ამ დროს ვლინდება სიმპტომები - კანის სიწითლე და ქავილი. ასევე შესაძლებელია განვითარდეს კანის სიმშრალე და ნახეთქები. 
გამაღიზიანებელი ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტის დროს პაციენტებს ხშირად სჯერათ, რომ მათ აქვთ ალერგია ლატექსის მიმართ, იყენებენ სხვა ხელთათმანებს, რომლებიც არ შეიცავს ლატექსს და აღმოაჩენენ, რომ მაინც უვითარდებათ რეაქცია. მკურნალობა გულისხმობს მსგავსი გამაღიზიანებელი ნივთიერებების შემცველი საგნების ხმარებიდან ამოღებას და დამარბილებელი კრემების და მალამოების გამოყენებას. 
ლატექსის აუტანლობა - ლატექსის მიმართ ნამდვილი ალერგიული რეაქციის დროს ვითარდება განსხვავებული დაზიანებები, ვიდრე გამაღიზიანებელი აგენტებით გამოწვეული დერმატიტის შემთხვევაში. ლატექსის აუტანლობის დროს ვითარდება ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარი (კანიდან ამოწეული, წითელი შეფერილობის ბორცვები კანზე, რომელსაც ახლავს ქავილი), ცხვირის ღრუს და თვალის გაღიზიანება, ასთმის გამწვავება და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო მდომარეობის - ანაფილაქსიის განვითარება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ლატექსის აუტანლობის დროს ხშირია ალერგიული რეაქციის განვითარება იმ ხილის და ბოსტნეულის მიმართ, რომელიც შეიცავს იგივე ცილებს, რაც აღმოჩენილია ლატექსში. ამ პროდუქტებს მიეკუთვნება: ბანანი, კივი, ავოკადო, წაბლი, პაპაია, კარტოფილი და პომიდორი. 
დიაგნოზი - ლატექსის აუტანლობის დიაგნოსტირებისათვის ექიმმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პაციენტის ალერგიული სტატუსის გამოკვლევაზე - რამდენად ხშირად ჰქონია ალერგიული რეაქციები სხვადასხვა საგნების მიმართ, ჰქონდა თუ არა ალერგიული რეაქციების ეპიზოდები ლატექსის მიმართ წარსულში. თუ მდგომარეობა ამ მხრივ ჰგავს ლატექსის აუტანლობას, მაშინ ატარებენ დამადასტურებელ კანის ან სისხლის ტესტებს. აშშ-ში უპირატესობა უფრო მეტად ენიჭება სისხლის ტესტს, თუმცა სხვა ქვეყნებში უფრო კანის ტესტებს გამოიყენებენ. დიაგნოზს, ჩვეულებრივ, სვამს ალერგოლოგი. 
მკურნალობა - პირველ რიგში, უნდა მოხდეს ლატექსის შემცველი საგნების ამოღება ხმარებიდან. ხელთათმანები, რომლებიც არ შეიცავს ლატექსს, ფართოდ არის ხელმისაწვდომი, ასევე შესაძლებელია ხელთათმანის შიგნიდან სხვა დამცავი ხელთათმანების გამოყენებაც. 
ლატექსის შემცველი კონდომების მაგივრად შესაძლებელია გამოვიყენით ბუნებრივი მასალის შემცველი კონდომები (ე.წ. „ცხვრის კანის“ მქონე კონდომი). ეს კონდომები ეფექტურად იცავს დაორსულებისგან, მაგრამ ვერ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, როგორიცაა აივ ინფექცია, გონორეა და ქლამიდია. 
ლატექსის ძლიერი აუტანლობის შემთხვევაში პაციენტს მუდმივად უნდა ეკეთოს სამაჯური ან ყელსაბამი, სადაც მითითებული იქნება ლატექსზე ალერგიის შესახებ. თუ მძიმე ალერგიული რეაქცია განვითარდა და ამის გამო პაციენტს არ აქვს უნარი გარშემომყოფებს შეატყობინოს ლატექსზე ალერგიის შესახებ, აღნიშნული მინიშნებები დაეხმარება მას მიიღოს დროული და ადექვატური დახმარება. ბავშვებში, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების გატარება. სამაჯურზე ან ყელსაბამზე მითითებული უნდა იყოს იმ კონკრეტული ალერგენების სია, რაზეც პაციენტს აღენიშნება სერიოზული ალერგიული რეაქციები, სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი საკონტაქტოდ. ლატექსის აუტანლობის შესახებ პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს თავის ექიმს, კბილის ექიმს და სხვა სამედიცინო მუშაკს. ზოგიერთ პაციენტს უნდა მიეთითოს, რომ ატაროს ანაფილაქსიის ჩანთა (ჩანთაში დევს ეპინეფრინი, რომელიც კანქვეშ კეთდება).

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close