ENG

მაღალკვალიფიციური ექიმ-პედიატრის მომსახურება

24 საათიანი უფასო სატელეფონო კონსულტაცია

სათაური: კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი-განისაზღვრება, როგორც კონიუნქტივის ანთება. კონიუნქტივა ესაა ქუთუთოების შიგნითა ზედაპირისა და სკლერის გამყოლი თხელი მემბრანა. კონიუნქტივიტი, შესაძლოა, დაემართოს ბავშვსაც და მოზრდილსაც. მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია თვალის სიწითლე და გამონადენი. 
კონიუნქტივიტის გამომწვევია: ბაქტერია, ვირუსი, ალერგენი და სხვა არასპეციფიური მდგომარეობები, მაგ: როგორიცაა უცხო სხეული თვალში.  კონიუნქტივიტს ყოველთვის ახასიათებს თვალის სიწითლე, თუმცა, ყველა წითელი თვალი არ ნიშნავს კონიუნქტივიტს. 
არსებობს კონიუნქტივიტის 4 ძირითადი ტიპი:
1. ბაქტერიული
2. ვირუსული
3. ალერგიული
4. არასპეციფიური
ინფექციური კონიუნქტივიტის გამომწვევი უხშირესად არის ვირუსი, თუმცა, ბაქტერიული კონიუნქტივიტი უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.
ვირუსული კონიუნქტივიტი - სიმპტომები, შეიძლება, იყოს იზოლირებულად კონიუნქტივიტის სახით ან ახასიათებდეს არასპეციფიური ნიშნებიც, მაგ.: ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ცხელება, ყელის ტკივილი, რინიტი. 
ვირუსული კონიუნქტივიტი ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით. ვრცელდება თვალის სეკრეტით ინფიცირებულ საგნებთან  უშუალო კონტაქტით.
ვირუსული კონიუნქტივიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ჰიპერემია, წყლისებრი ან ლორწოვანი გამონადენი, წვა და უსიამოვნო შეგრძნება თვალში. ზოგჯერ, დილაობით აღინიშნება ფუფხი, რომელსაც მოყვება სეროზული ან, იშვიათად, ლორწოვანი გამონადენი. მეორე თვალი ინფიცირდება, უმეტესად, 24 ან 48 საათის განმავლობაში. 
ვირუსული კონიუნქტივიტი მკურნალობას არ საჭიროებს. გაუმჯობესება იწყება რამდენიმე დღეში, მიუხედავად იმისა, რომ მე-3-მე-5 დღეს აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხდება 1-2 კვირაში, ხოლო სრული გაჯანსაღება-2-3 კვირაში. იშვიათად, 2 კვირის შემდგომ რჩება სიმპტომები: სიწითლე, გაღიზიანება დღის განმავლობაში. 
ბაქტერიული კონიუნქტივიტი-მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება. ხშირია ოჯახური შემთხვევები. იგი, ასევე, ვრცელდება თვალის სეკრეტით ინფიცირებულ საგნებთან  უშუალო კონტაქტით, მაგ.:  პირსახოცით და ბალიშის პირითაც კი.
ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია: თვალის სიწითლე და სქელი გამონადენი, რომელიც, შესაძლოა, იყოს თეთრი, ყვითელი ან მომწვანო ფერის. დილაობით ინფიცირებული თვალი ძირითადად არის დახშული. ბაქტერიული კონიუნქტივიტი, უმეტესად, სწრაფად უკუვითარდება  გართულებების გარეშე ანტიბიოტიკის შედეგად თვალის წვეთები ს ან მალამოს სახით. 
ალერგიული კონიუნქტივიტი- ვითარდება აეროალერგენების თვალთან კონტაქტის შედეგად. ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია: თვალის სიწითლე, წყლისებრი გამონადენი და ორივე თვალის ქავილი. ახასიათებს უეცარი დასაწყისი, სეზონურობა და, შესაძლოა, მრავალწლიანი ანამნეზი გამომწვევი ალერგენის მიხედვით. 
არასპეციფიური კონიუნქტივიტი-თვალის სიწითლისა და გამონადენის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, არ იყოს ინფექცია ან ალერგენი. ასეთ შემთხვევაში უხშირესი გამომწვევბია:
მშრალი თვალის დროს, შესაძლოა, აღინიშნებოდეს ქრონიკული ან გარდამავალი სიწითლე ან გამონადენი
ქიმიური გამღიზიანებლის შედეგად, ასევე, შესაძლოა, განვითარდეს თვალის სიწითლე ან გამონადენი
უცხო სხეულის შემთხვევაში (მაგ.: მტვერი, წამწამი) შესაძლოა სიწითლე დარჩეს უცხო სხეულის ამოღებიდან 12 ან 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩამოთვლილი სიმპტომები სპონტანურად უმჯობესდება 24 საათის განმავლობაში. 
კონიუნქტივიტის დიაგნოზით პაციენტი უმეტესად საჭიროებს  ოფთალმოლოგის კონსულტაციას, რადგან თვალის სიწითლის სხვა ბევრი მიზეზი არსებობს. 
გასინჯვისას კლინიცისტმა, შესაძლოა, დაგისვათ შემდეგი კითხვები:
როდის დაგეწყოთ ჩივილები? ვინმეს ხომ არ აქვს ოჯახში მსგავსი სიმპტომები?
გრძელდება თუ არა გამონადენი თვალიდან? რა სახისაა გამონადენი? წყლისებრი, ლორწოვანი, სქელი თუ წებოვანი?
გაქვთ თუ არა სხვა სიმპტომები (ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება)?
ოფთალმოლოგთან რეფერალს  საჭიროებთ იმ შემთხვევაში, თუ:
თვალის დაძაბულობა
მხედველობის დაქვეითება
თვალის გახელისას სინათლეზე მგრძნობელობის მომატება
მძიმე თავის ტკივილი ღებინებით
თვალის ტრავმა
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას
კონიუნქტივიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა მკურნალობის დაწყებამდე. 
ვირუსული კონიუნქტივიტის მკურნალობა - ადგილობრივ ანტიჰისტამინებსა და დეკონგესანტებს შეუძლიათ კონიუნქტივის გაღიზიანების შემცირება.  მნიშვნელოვანია ერთ თვალში ჩაწვეთების შემდეგ ხელების დაბანა მეორე თვალის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით. ეს მედიკამენტები ამცირებენ სიმპტომებს, თუმცა არ ახდენენ გავლენას გამოჯანმრთელების პერიოდზე. შესაძლებელია თბილი ან ცივი კომპრესის გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ  გამოიყენება ანტიბიოტიკი თვალის წვეთების ან მალამოს სახით. ადრე დაწყებული მკურნალობა ამცირებს სიმპტომების ხანგრძლივობას, თუმცა, გაჯანსაღება, შესაძლოა, მოხდეს სპონტანურადაც.
მოზრდილებში ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხდება 5-დან 7 დღემდე. მკურნალობის დაწყებიდან 24-48 საათის განმავლობაში გაუმჯობესების არ ქონის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. 
კონტაქტური ლინზების მტარებელმა პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ კლინიცისტს კონიუნქტივიტის მიზეზის დაზუსტების მიზნით. ასეთი პაციენტები უნდა მოერიდონ კონტაქტური  ლინზების ტარებას მკურნალობის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და მანამდე, სანამ სიწითლე არ ალაგდება. 
ბავშვებში გამოიყენება ანტიბიოტიკის შემცველი წვეთები და მალამოები. ადრეული ასაკის ბავშვებში, უმეტესად, გამოიყენება მალამო. არასწორად გამოყენების შემთხვევაშიც კი (აპლიკაცია უნდა მოხდეს ქვედა ქუთუთოს შიგნითა ზედაპირზე) მალამო თანაბრად ნაწილდება თვალში დახამხამების შედეგად. მხედველობა დაბინდულია მალამოს გამოყენებიდან 20 წუთის განმავლობაში. 
ვირუსული და ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში  სკოლასა და სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გამონადენი მთლიანად ალაგდება თვალიდან. 
არასფეციფიური კონიუნქტივიტი - გაუმჯობესება ხდება რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშე. შესაძლებელია ლუბრიკანტების გამოყენება. მათ არ გააჩნიათ გვერდითი მოვლენები. მალამოების გამოყენებისას აღინიშნება მხედველობის დაბინდვა ხანმოკლე დროით, რის გამოც მისი გამოყენება უმჯობესია ძილის წინ. 
ანტიბიოტიკის ან სტეროიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის შესაძლო გამომწვევის დადგენის გარეშე. მკურნალობიდან 2 კვირის განმავლობაში დადებითი დინამიკის არ არსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს. 
კონიუნქტივიტის პრევენცია-მოიცავს ჰიგიენური წესების დაცვას, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციის გავრცელებას. 
ბავშვებსა და მოზრდილებს ბაქტერიული ან ვირუსული კონიუნქტივიტის დროს არ უნდა ჰქონდეთ საერთო საყოფაცხოვრებო ნივთები: ცხვირსახოცი, ქსოვილები, პირსახოცი, კოსმეტიკა, თეთრეული.
ხელის სწორად დაბანა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ინფექციის პრევენციის თვალსაზრისით (15-30 წამის განმავლობაში უნდა მოხდეს ხელის დაბანა საპნის საშუალებით).
ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით ხელების დამუშავება ერთ-ერთი კარგი ალტერნატივაა, იმ შემთხვევაში, თუ ხელსაბანი არ არის ხელმისაწვდომი.

This is the main content. To display a lightbox click here

This is the lightbox content. Close